მთავარისლაიდიპერსონა

„ჩემთვის ეს არ არის სამსახური – ეს მოწოდებაა”- ნუგზარ კოხრეიძე

„ჩემთვის ეს არ არის სამსახური – ეს მოწოდებაა”- ნუგზარ კოხრეიძე

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო,  infoimereti.ge  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ნუგზარ კოხრეიძეა. 

“ჩემთვის ეს არ არის სამსახური – ეს მოწოდებაა”- ასე აფასებს “თაობათა დიალოგის”   დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე მის ყოველდღიურ საქმიანობას  არასამთავრობო ორგანიზაციაში. ფიქრობს, რომ მესამე სექტორი  ყოველდღიურად  ვითარდება, თუმცა ამავე დროს  მუდმივად გამოწვევების წინაშეა.

-ნუგზარ, რა პროფესიის ხართ?

-მე ბევრი პროფესია დავუთვალე ჩემს თავს. ასე ხდება, როცა მოუსვენარი ადამიანი ხარ. რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი (ბაკალავრიატი), სლავური ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტი (მაგისტრატურა); ტრენერი, ქოუჩი, ფსიქოლოგიური კონსულტაცია (პრაქტიკული ფსიქოლოგიის უნივერსიტეტი); საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) ვსწავლობ ამჟამად.

-რატომ არასამთავრობო  სექტორი?

-ერთ-ერთი საშუალებაა დაეხმარო ადამიანებს მიზნობრივად და დაინახო მუშაობის შედეგი.

-რას ნიშნავს თქვენთვის  საქმე, რომელსაც აკეთებ?

-ჩემი საქმიანობა არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. კავშირშია ჩემს ფასეულობებთან. მანიჭებს კმაყოფილებას და ბედნიერებას. ვემსახურო საზოგადოებრივ საჭიროებებს არის ჩემი მოწოდება და ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი.

– განვითარების რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები?

-არასამთავრობო ორგანიზაციები განვითარების იმავე ეტაპზეა რაც ზოგადად საზოგადოებაა. მე ვთვლი, რომ დღეს უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ვიცოდით გუშინ. დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს და ცოდნა. ამავე დროს, ჩვენს სექტორს ბევრი გამოწვევა აქვს და ერთ-ერთია საზოგადოების ნდობის ამაღლება ჩვენი სამიქნობის მიმართ. ამ კუთხით ბევრია სამუშაო. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მდგრადობა: ფინანსური, ადამიანური რესურსის და საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით.

-პირადად თქვენთვის, როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლისთვის, რით არის საინტერესო, საქმე, რომელსაც აკეთებთ?

-მე ჩემ საქმიანობაში მიყვარს კონკრეტული მიზნობრიობა და დაგეგმარება. ჩემთვის საინტერესოა მიზნის მიღწევისთვის განხორციელებული ყოველდღიური მუშაობა, რუთინა, რომელიც მას ახლავს. საინტერესოა ადამიანებთან მუშაობა და თანამონაწილეობა მათ წარმატებებში.

-დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?

-ჩემთვის ეს არ არის სამსახური – ეს მოწოდებაა, შესაბამისად მე არ ვმუშაობ, მე ვქმნი. ეს შემოქმედებითი, სასიამოვნო პროცესია და მას დღის დიდ ნაწილს ვუთმობ.

-რა დრო გრჩებათ ოჯახისთვის?

-საკმარისი იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს ვუყვარდე და თავს მევლებოდნენ.

-რა რჩევებს მისცემდით  ადამიანებს, რომლებსაც  საქმიანობის გაგრძელება არასამთავრობო სექტორში სურს?

-კარგად უნდა გაიაზრონ რისი მიღწევა სურთ და რამდენი ხნით აპირებენ ამ საქმიანობით დაკავდნენ. გაიაზრონ თავიანთი მნიშვნელობა იმ ადამიანების ცხოვრებაში ვისთვისაც იმუშავებენ. სექტორს მყარი, მდგრადი და გულწრფელი ადამიანები გააძლიერებენ, ხოლო დროებითი, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული და მომხმარებლური აზროვნების ადამიანები დააზიანებენ.

-რას ეტყოდით მედიას,  რომელიც  ალბათ ყველაზე  პარტნიორია?

-მადლობა მედიას, რომ ყოველთვის გვერდში უდგას “თაობათა დიალოგს”. მედია ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს იმაში, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი პრინციპების, ღირებულებების, საქმიანობისა და მუშაობის შესახებ.  გარდა ამისა, მედიაში მყოფი ინდივიდების გვერდში დგომა და დახმარება მნიშვნელოვანია. ვუსურვებ მედიას გაძლიერებას და ყოველთვის გამარჯვებას თავისუფალი სიტყვის დაცვაში.

 

კომენტარები