მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენ უკვე დაგვარქვეს აგენტები და თქვენ, დანარჩენი საქართველო, თანახმა ხართ გახდეთ კოლაბორაციონისტი?”

“ჩვენ უკვე დაგვარქვეს აგენტები და თქვენ, დანარჩენი საქართველო, თანახმა ხართ გახდეთ კოლაბორაციონისტი?”

პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს მედიის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.

“ფორმულას” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი ეკა ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოს დღეს როგორც არასდროს, ისე სჭირდება თავისუფლებისთვის ბრძოლა.

“2008 წლის აგვისტოში რომ გვითხრეს ამ ღამით სავარაუდოდ, რუსული ჯარი ქუთაისში შემოვა, მე და გიამ აივანზე დროშა გადმოვფინეთ, მძინარე ბავშვები სახლში ჩავკეტეთ და კამერით თითქმის მთელი ღამე ქალაქის შემოსასვლელთან გავატარეთ. მტრის შემოსვლა უნდა გადაგვეღო. არავის დაუვალებია. უბრალოდ, ამას პირდაპირ გულისხმობს ჩვენი პროფესია. კარგად მახსოვს, მაშინ ვფიქრობდი, ოკუპაციის დროს, როგორ უნდა გვერჩინა ჩვენი შვილები, მამა, რომელიც მაშინ ძალიან ავად იყო. ვიცოდი, რომ პროფესიას ვკარგავდი. ექიმს შეეძლო დარჩენილიყო ექიმი, მასწავლებელს მასწავლებელი… მე კი ჟურნალისტად ღიად ვეღარ ვიმუშავებდი, რადგანაც ამას მტერთან პირდაპირ კოლაბორაციად განვიხილავდი.

მაშინაც არ მიფიქრია საქართველოს დატოვება. მოსკოვში ვსწავლობდი და ტკივილამდე მახსოვს, რას ნიშნავს, როდესაც მონატრება გახრჩობს…

დღეს მათეს მძინარეს აღარ ჩავკეტავ სახლში და გიასთან ერთად ქუთაისის შემოგარენს აღარ შემოვივლი… რადგანაც ისინი უკვე აქ არიან. ისე შემოვიდნენ, რომ ჩვენი კამერის ობიექტივში ერთი ტანკიც ვერ მოხვდა. ჩვენ უკვე დაგვარქვეს აგენტები, რისთვისაც მადლობას ვუხდი. არ უნდა ვამტკიცო, რომ კოლაბორაციონისტი არ ვარ. და თქვენ, თქვენ, დანარჩენი საქართველო, რომელსაც გითხრეს, რომ მშვიდად იცხოვრე, აგენტი არ ხარ, არაფერს გერჩით…
თანახმა ხართ გახდეთ კოლაბორაციონისტი? თუ ჩუმად იქნებით, უკვე ხართ!

P.S. რამდენიმე დღის წინ ჩემს გვერდზე დავწერე – “ვისწავლოთ თავისუფლება უკრაინასთან ერთად”. კომენტარებში მითხრეს, საქართველოს ვერავინ ასწავლის თავისუფლებას…

ვფიქრობ, დღეს როგორც არასდროს გვესწავლება…

დღეს წინაპრების თავისუფლებისთვის ბრძოლით ჩვენს უმოქმედობას ვერ გავამართლებთ”, – ამბობს ეკა ფხაკაძე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური “უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კომენტარები