გელათის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოსებ ბურჯანაძეს შაბათს დაკრძალავენ.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, სასულიერო პირის დაკრძალვა გელათის მონასტერში მოხდება.
მამა იოსებ ბურჯანაძემ დამწვრობა ორი კვირის წინ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. სასულიერო პირს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.
16 იანვარს გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.
არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.
ისტორიკოსი და თეოლოგი ლაშა დეისაძე შარვაშიძე წერს, რომ მამა იოსები (ბურჯანაძე) იყო ერთადერთი სასულიერო პირი, რომელსაც არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.
“მეუფე კალისტრატემ ისე იმღვდელმთავრა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში და იმგვარად წავიდა ამქვეყნიდან, რომ მამა იოსების გარდა, სხვა არავისთვის უბოძებია არქიმანდრიტის წოდება. თან, მეუფემ თავის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის ივნისში, კლინიკაში, პალატაში დაიბარა მამა იოსები და უძლურებაში მყოფმა მეუფე კალისტრატემ, საავადმყოფოს პალატაში მიანიჭა არქიმანდრიტის წოდება მამა იოსებს. შემდგომ, რამდენიმე დღეში მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა”, – წერს ისტორიკოსი სოციალურ ქსელში.
კომენტარები