ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე, დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთში მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნეში აგებული 10-მდე ორი, სამი და ოთხსართულიანი სახლი. ქვით ნაშენი, ხის აივნიანი და შუშაბანდიანი სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. რამდენიმე სახლი იმდენად ავარიულია, რომ იქ, ბოლო წლებია, აღარავინ ცხოვრობს.
განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ხის აივნები და შუშაბანდები, რომლებსაც საყრდენი გამოცლილი აქვთ მდინარე რიონის არაერთხელ ადიდების შედეგად. ჯაჭვისა და წითელ ხიდებს შორის მოქცეული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცული ზონაა, სახლები კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებადაა აღიარებული. იქ მცხოვრები 35-მდე ოჯახი, რამდენიმე ათეული წელია, სახლების რეკონსტრუქციას ელოდება.
“ცხოვრება ნანგრევებში და ასევე უკიდურესი შიშის ქვეშ გვიხდება. არ ვიცი როგორ შეიძლება შვილები გაზარდო იმ სივრცეში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ჩვენი დამხმარე არავინ არის. მერიიდან ერთ კილომეტრშიც არ, ქალაქის ცენტრში სახლები ყოველდღიურად ინგრევა”,- ამბობს ადგილობრივი.
ქუთაისის მერიის პირველადი შეფასებით, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯაჭვის და წითელ ხიდებს შორის მდებარე მეცხრამეტე საუკუნის 10-მდე სახლის რეკონსტრუქციისთვის 15 მილიონი ლარი იქნება საჭირო და თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს.
ფოტო: არჩილ გეგენავა
კომენტარები