მთავარიახალი ამბებისლაიდი

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„მოგეხსენებათ, რომ ეკატერინე ტიკარაძე გადადგა თანამდებობიდან და მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები.

დღეს წარმოგიდგენთ ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს. ის გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება. არის ძლიერი მენეჯერი. თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილი მაშინ იყო „დელტას“, ასევე „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობთ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა. ასევე, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ასე შემდეგ.

ზურაბ აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რაც მოსახლეობის წინაშეა. მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. არის ხუთი შვილის მამა და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ასეთი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას. სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით ექვსი მილიარდი ლარი. ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.

მისი თქმით, საქმიანობს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

კომენტარები