ქუთაისში მყოფი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ პასუხობს კითხვას, როდის აიცრება კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზით.
“შეგატყობინებთ, საერთოდ ვთვლი, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და არ შეიძლება ამის გასაჯაროება”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
“მთავარი არხის” კითხვის საპასუხოდ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მეორე აცრა არ დაუგვიანია და განმარტა, რატომ მისცა მედიას პირველი აცრის გადაღების საშუალება.
“იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, თუმცა ეს არღვევს ადამიანის უფლებას”, — განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს საჩხერის საავადმყოფოში აიცრა, პირველ ივნისს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.
COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან აცრა შესაძლებელია 30 დღის შემდეგ. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც COVID-19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და ისინიც, რომელთაც მწვავე პერიოდში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში მინიმალური ინტერვალია 120 დღე.
ზოგიერთ ქვეყანაში მსჯელობენ, რომ შესაძლოა, კოვიდგადატანილებისთვის ერთი დოზით აცრა საკმარისია, თუმცა საქართველოში არსებული პროტოკოლი კოვიდგადატანილებისთვისაც ორი დოზით აცრას ითვალისწინებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.
კომენტარები