მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

1989 წლის 9 აპრილი და ოფიციალური გამოხმაურება ქუთაისიდან – საარქივო და პერიოდიკის მასალების მიხედვით

1989 წლის 9 აპრილი და ოფიციალური გამოხმაურება ქუთაისიდან – საარქივო და პერიოდიკის მასალების მიხედვით

ქართულ სახელმწიფოებრიობას, რომელიც თავისი არსებობისა და განვითარების სულ მცირე სამი ათასხუთას წელს ითვლის, მრავალი განსაცდელი და ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე დგომის ჟამი გამოუვლია, რომელთა შორის ერთ-ერთი უმძიმესი იყო მეოცე საუკუნის საბჭოთა ანექსია. 1920-იან წლებში ქართველმა ხალხმა არაერთგზის სცადა საბჭოთა რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება, თუმცა, იმხანად, მტრის უზარმაზარი რესურსების ფონზე, სამწუხაროდ, ეს ვერ განხორციელდა. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გააქტიურდა ქართული ეროვნული მოძრაობა, რომელიც თავისი არსებობისა და მოქმედების ახალ ფაზაში გადავიდა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავკაცობით.

ქართული ეროვნული მოძრაობის ახალ უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადასვლის ერთ-ერთი უდიდესი გამოძახილი იყო 1989 წლის 9 აპრილის ეროვნული ტრაგედია, როდესაც ქართველმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლე პირდაპირ შეწირეს რუსეთის საბჭოთა უღლისაგან საქართველოს გათავისუფლების ეროვნულ და სამართლიან იდეას. ამ ტრაგედიამ ცხადჰყო, რომ საბჭოთა რეჟიმის დასასრული მოახლოებული იყო და სისხლზე, ჩაგვრაზე, უსამართლობასა და უკანონობაზე დაფუძნებული მმართველობა აუცილებლად ჩამოიშლებოდა და დასრულდებოდა.

ამ დიდმა ტრაგედიამ ქართველ ხალხში კიდევ მეტად გააღვივა და გაზარდა სურვილი და სწრაფვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი, რაც 9 აპრილის გმირებისადმი განსაკუთრებული პატივგებითაც გამოიხატა, მათ შორის საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ქალაქ ქუთაისში.

1989 წლის 10 აპრილს ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა პანაშვიდი, რომლის შესახებ ქუთაისის ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების ოფიციალური  ბეჭდვითი ორგანო, გაზ. “ქუთაისი”, მეორე დღეს, 11 აპრილს, წერდა: „საქართველოს დედაქალაქში მომხდარმა ტრაგედიამ რესპუბლიკის მეორე ქალაქის მთელი მოსახლეობის უსაზღვრო გულისტკივილი გამოიწვია… საკათედრო ტაძარი და მისი შემოგარენი სავსე იყო ჩვენი თანაქალაქელი სტუდენტებით, ახალგაზრდებით. პანაშვიდზე მისულთა საერთო რიცხვი 1000-ს აღემატებოდა“, – იუწყებოდა გაზ. „ქუთაისი“, რომელმაც 1989 წლის 12 აპრილის ნომრის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სრული სია, სათაურით „დე, ჰქონდეთ ხსოვნა – მარადიული!“.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისადმი ოფიციალურ გამოხმაურებას გვერდი ვერ აურა იმჟამინდელი საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმაც, მათ შორის ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭომ, რომლის მეოცე მოწვევის 1989 წლის 17 მაისს გამართულმა მეთორმეტე სესიამ იმსჯელა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. ამ სესიის ოქმი დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში (ფონდი 149). მასში ვკითხულობთ: „ხვალ პრესაში გამოქვეყნდება აღმასკომის გადაწყვეტილება 9 აპრილს თბილისში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო პანაშვიდის მოწყობის შესახებ“, – ჩაწერილია ოქმში.

მართლაც, მეორე დღეს, 1989 წლის 18 მაისს, გაზ. “ქუთაისში” გამოქვეყნდა ქუთაისის ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება 9 აპრილის გმირებისადმი პატივგებისათვის იმავე წლის 19-20 მაისს დაგეგმილი არაერთი ოფიციალური ღონისძიების შესახებ, რომლის ნუსხა არც თუ მცირეა, მთელი რიგი სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის, ქუთაისში 9 აპრილის გმირთა სახელობის ხეივნის საფუძვლის ჩაყრა და ქალაქის დელეგაციების გაგზავნა თბილისსა და დასავლეთ საქართველოში არსებულ იმ რაიონებში, საიდანაც იყო დაღუპული გმირების ნაწილი (საქალაქო დელეგაციების გაგზავნა განისაზღვრა გეგეჭკორში (ამჟამად მარტვილი), ჩოხატაურში, მახარაძეში (ამჟამად ოზურგეთი).

მეტიც, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭომ თავის ოქმში ასახა 26 მაისის ოფიციალურ დონეზე აღნიშვნის მნიშვნელობა და შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, უდავოდ, ერთ-ერთ უპირველესად, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომი გამოძახილი იყო: „26-ში მართლაც ეროვნული დღესასწაული უნდა ჩავატაროთ. ჩავატაროთ ისე, როგორც ეს ეკადრება ქუთაისს, მის ისტორიას. ხვალვე გამოქვეყნდება აღმასკომის გადაწყვეტილება დღესასწაულის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ. მისი თავმჯდომარეობა ვთხოვეთ მწერალ ოტია იოსელიანს. ყველაფერი ისე ჩატარდება, როგორც კომისია გადაწყვეტს. თქვენც გვიკარნახეთ, რა არის საჭირო, გასათვალისწინებელი… კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამა გამოქვეყნდება პრესაში… თანაქალაქელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიაროთ იმ გზაზე, რომელსაც ილიას გზით სიარული ჰქვია. ვის სჭირდება ისეთი საქალაქო საბჭოს აღმასკომი, რომლის მუშაობაშიც გამოკვეთილი არ იქნება სწორი ეროვნული პოზიცია. ვის სჭირდება ისეთი საქალაქო საბჭოს აღმასკომი, რომელიც არ გამოხატავს მისი ერის, მისი ქალაქის, მისი ხალხის ინტერესებს. ასეთია ჩვენი პოზიცია. იგი უნდა იცოდეს ყველა ქუთაისელმა“, – ვკითხულობთ სესიის ოქმში, რომელიც დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში.

ამ შემთხვევაშიც, გაზ. „ქუთაისის“ 1989 წლის 18 მაისის ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია, სათაურით „როგორ ვიდღესასწაულოთ 26 მაისი“, რომელიც ამგვარად იწყება: „ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ 1989 წლის 26 მაისს აღინიშნოს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე“, – იუწყებოდა გაზ. „ქუთაისი“.

კითხულობ ამ სტრიქონებს, როგორც საარქივო და ისე პერიოდიკის საისტორიო მასალებიდან და გაოცებასთან ერთად იბადება კითხვა: „ნუთუ, ამ ყოველივეს წერდა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ოფიციალური ადგილობრივი ხელისუფლება?!“ დიახ, წერდა და ეს წარმოუდგენელი ცვლილება და ას ოთხმოცი გრადუსით შემობრუნება სწორედ 1989 წლის 9 აპრილის თავგანწირული გმირების უდავო დამსახურება იყო.

აღსანიშნავია, რომ იმავე სესიაზე, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან 30-40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგ პერიოდში მომხდარი რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ (გადაწყვეტილება # 113, დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში, ფონდი 149), რომელიც, ასევე იყო 9 აპრილის გმირთა თავგანწირვის ერთ-ერთი შედეგი. ხსენებულ გადაწყვეტილებაში ჩაიწერა: „დაევალოს 30-40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგის პერიოდში მომხდარი რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიას შესაბამისი დახმარება გაუწიოს რეაბილიტირებულ პირებს მათი უფლებებისა და ინტერესების განხორციელების საქმეში“, – აღნიშნულია ოქმში.

1989 წლის 19 მაისს, ქუთაისის ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, გაზ. „ქუთაისი“ თავის პირველ გვერდზე იუწყებოდა: „დღეს სრულდება 40 დღე თბილისში 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, დღის 2 საათზე, პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში და ქუთაის-გაენათის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ჩატარდება დიდი პანაშვიდი.

პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში პანაშვიდს ჩაატარებს ქუთათელ-გაენათელი, ცაგერ-ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი კალისტრატე სამღვდელოებასთან ერთად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საბჭოთა მმართველობა, როგორც საოკუპაციო კოლონიზატორული რეჟიმი, კანონზომიერად და სამართლიანად თავის დასასრულს უახლოვდებოდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ზოგადსაკაცობრიო მისიაში ქართველი ხალხის ეროვნულმა მოძრაობამ ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეიტანა, რომელშიც მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და შეწირული გმირები, რომლებიც იქცნენ ერთ-ერთ მყარ საფუძვლად საქართველოს აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბალავერში, ხოლო ჩაუქრობელ სანთლებად – საქართველოს უკეთესი მერმისისათვის.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები