ონლაინგამოცემების “ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი ერთობლივი განცხადებით მოითხოვს. განცხადებაზე ხელმოწერა კვლავ შესაძლებელია.
ისინი მიმართავენ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, “ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!“
მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.
მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე…“ – წერია ერთობლივ მიმართვაში.
აქვე აღნიშნულია, რომ პირველი ქალი ჟურნალისტის სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება მიანიშნებს მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადასვლაზე:
„ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის „ბრალდებით“ დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“, – აღნიშნულია მიმართვაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი ეთერ თურაძე.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას”. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები