მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

300 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული – ვანელმა მამაკაცმა ბერძენი ბიზნესმენი გაძარცვა

300 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული – ვანელმა მამაკაცმა ბერძენი ბიზნესმენი გაძარცვა

ქართველი მძარცველი, რომელმაც საბერძნეთიდან საქართველოში 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა, ისევ დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა და საბერძნეთის ციხეში აღმოჩნდა.

ვანელმა მამაკაცმა ცნობილი ბერძენი ბიზნესმენის ოჯახი ზუსტად ერთი წლის წინ გაძარცვა. გამოძიებას ის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში ემალებოდა, თუმცა ათენში ახალი გვარით დაბრუნდა – 43 წლის ოსმან ხმალაძე ოსმან სხვედიანი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოშივე გაიშიფრა. სწორედ თბილისიდან აცნობეს ბერძენ გამომძიებლებს ბრალდებულის გეგმები.

43 წლის ოსმან ხმალაძე, საბერძნეთში გახმაურებული ძარცვის მთავარი ფიგურანტია. ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა კალონიკაში ცნობილი ბიზნესმენის სახლი გაძარცვა, სეიფიდან 300 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული გაიტაცა, რამდენიმე დღეში კი მსხვილი ნაძარცვით საბერძნეთიდან საქართველოში გამოემგზავრა.

ახლობლები ადასტურებენ, რომ ოსმან ხმალაძე მშობლიურ სოფელში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა, თუმცა მალევე კვლავ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

გახმაურებული ძარცვის დეტალებზე საუბარი არ სურთ საქართველოში, ოსმან ხმალაძის ახლობლებს. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მამაკაცი წლებია, ცოლ-შვილთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს.

ის, რაზეც ახლობლებს საუბარი არ სურთ, დეტალურადაა ასახული ბერძნული გამოძიების მასალებში. ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოში გაქცეული მამაკაცი, უკან, საბერძნეთში შეცვლილი ვინაობით დაბრუნდა.

საბერძნეთის პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას 12 ოქროს ფუნტი, 19 000 სომხური დრამი, 15 გრამი კანაფი, ორი პისტოლეტი და სავარაუდოდ, ნაძარცვი ძვირფასეულობა ამოიღო. გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან ოსმან ხმალაძის შესაძლო კავშირის დასადგენად.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები