უშანგი ჩხეიძე, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულად ძვირფასი მსახიობია. არ ვიცი როდის დაიწყო ეს. ის თაობა ვარ, ვისაც სცენაზე არ უნახავს მისი “ჰამლეტი” და “ურიელი”, მაგრამ სხვა სიახლოვეს ვგრძნობ მის განსაკუთრებულ ბიოგრაფიაში. და ვგრძნობდი მანამდე, სანამ წავიკითხავდი.
რამდენიმე დღის წინ ერთ საინტერესო ლექციას დავესწარი. ყველა გონიერმა იცის, რომ ახლო წარსულის არასწორ რეფლექსიას მოაქვს ცუდი აწმყო და უფრო ცუდი მომავალი. პოსტსაბჭოური განწყობები ისევ ცოცხლობს. განსაკუთრებით სახელოვნებო სივრცეში. ცოცხლობს იმიტომაც, რომ რეპრესიების შემოქმედთა დიდი გვარები, სრულიად უსამართლოდ, პატარა ქვეყნის საცოდავი ბედისწერით, ისევ წინაპრების ყალბი შლეიფით დგანან ფორმალურ პედისტალებზე და სხვების ცხოვრებას განიკითხავენ. სხვების ბედს წყვეტენ ბევრად უფრო ხმამაღლა და აროგანტულად, ვიდრე მართალი ადამიანები. ნიჭის და ტალანტის რანჟირებას ახდენენ შთამომავლობით მიღებული სისხლიანი მანდატებით.
უშანგის მოგონებამ მათქმევინა ეს.
ვერ დავივიწყებ იმ ბოროტებას, რაც მას გაუკეთა „თეატრალური ოჯახის“ სახელით მეგობრების ახლო წრემ. მანამდეც ვწერდი : <<დოდო ანთაძე, რომელიც ალბათ, ვერასდროს დაუტოლდებოდა უშანგი ჩხეიძის შემოქმედებით ენერგეტიკას, რამდენიმე „წვრილფეხა“ თანამოაზრესთან ერთად მივიდა ერთ-ერთ ნევროპათოლოგთან და მოტყუებით დააწერია უშანგისთვის „საჭირო“ სამედიცინო დასკვნა მის შფოთვებსა და ნევროზზე – უცხოეთში წასვლის და ცოტა ხნით იქ დასვენების და პროფილაქტიკის მიზნით. მალევე, ეს სამედიცინო დასკვნა, იგივე დოდო ანთაძის ხელით, ხელისუფლების სახელმძღვანელო გახდა გადაწყვეტილების მისაღებად, რომ „გიჟის ადგილი თეატრში არ იყო“!!! და უშანგი თეატრიდან წავიდა. >>
არადა, თაობები მოიძიებენ დოდო ანთაძის სახელს და გვარს და წაიკითხავენ „სუფთა“ ბიოგრაფიას, რომ 1933-1938 წლებში მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938-1952 წლებში კი — ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.. და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
რამდენი ასეთი მკვლელობაა ცნობილი ადამიანების საპანთეონე ეპიტაფიებს უკან, უხილავად..
ამიტომ კიდევ უფრო მიხარია და მაბედნიერებს თეატრალური ფესტივალი, რომელიც ზესტაფონში იწყება 28 ნოემბერს. უშანგი ჩხეიძის დაბადებიდან 125-ე წელს, რადგან მისი დაბადება სრულიად ქართული თეატრის მარადიული დღესასწაულია. გადაუჭარბებლად!
ფესტივალი „უშანგი“ ახალი თაობებისთვის ამ სახელის სიყვარულსაც ახლებურად დაბადებს და ამ ცოტა დავიწყებულ სახელს თანამედროვე კეთილხმოვანებასაც სიყვარულით მისცემს, მჯერა.
<<ჰამლეტზე ვფიქრობდი ქუჩაში, სასადილოში, საწოლში. ხუთი დღე-ღამის განმავლობაში ჩემს თვალს ძილი არ მიჰკარებია არა იმიტომ, რომ ვფხიზლობდი, არამედ მეტი აღგზნებისგან ვერ ვიძინებდი, ციება დამეწყო, მუდამ დღე ტემპერატურას მიმატებდა>>
<<მე ჩემს ჰამლეტს ვერ დავარქმევ ვერც გმირს, ვერც ნევრასტენიკს და ვერც სხვა რაიმე ამპლუის კატეგორიაში მოვაქცევ… ვცდილობდი უპირველეს ყოვლისა, ჩემი ჰამლეტი ყოფილიყო ადამიანი, ზნეობრივად სუფთა, დიდი გულის, დიდი ბუნების და მაღალი ზრახვების მატარებელი>> – უშანგი ჩხეიძე. მოგონებები. წერილები.
ჰოდა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფესტივალ “უშანგის” სულისჩამდგმელი და მხარდამჭერია. ყველას, ვინც მოუვლის და გაზრდის მას იმ შეუვსებელი სიყვარულით და აღიარებით, რაც სიცოცხლეში დააკლეს ლეგენდარულ არტისტს, ნატკენს და გაწირულს.
ფესტივალის თემა შექსპირის დრამატურგიაა, უშანგის “ჰამლეტის“ სურათ-ხატით ინსპირირებული, ბუნებრივია. და მით უფრო საპასუხიმგებლო უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე, მის მშობლიურ ქალაქში- ზესტაფონში!
წარმატებები ამ შემოქმედებით სითამამეში რეჟისორს, სამხატვრო ხელმძღვანელს ვატო ჯუღელს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც “ჰამლეტის“ საპრემიერო ჩვენებით გახსნის ფესტივალს.
უშანგის ნიჭის ფესტივალის დაბადება მოგველოცოს ყველას, ერთად, ქართულ თეატრალურ სივრცეში!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები