მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მფრინავად დაბადებული

მფრინავად დაბადებული

როგორ არის შენი ჯანმრთელობა? გახსოვდეს, რომ შენი ჯანმრთელობა ჩემი ერთ-ერთი ქრონიკული საწუხარია“ – წერს კოტე მარჯანიშვილი პეტრე ოცხელს, რომელსაც ბავშვობის ასაკიდან spondylosis ტანჯავდა – ხერხემლის სტრუქტურების ცვეთა და დაბერება, მარგინალური ძვლების წარმოქმნა, მძიმე ტკივილები, მოძრაობის შეზღუდვა და დაღლილობა.

Spondylosis საბედისწერო დიაგნოზმა ჩაგუდა მისი ტემპერამენტი რკინის კორსეტში და ფიზიკურად ვერაღმართული ამ გენიოსი ბიჭის სულიერისმიერი “ასანკა“ მხოლოდ ესკიზებში გადასახლდა. ის თვითონ არის საკუთარი სიზმრებიდან წამოსული “მფრინავი მღებავი“ და ყველა დანარჩენი წელში გადრეკილი, ცისკენ აწეული, მაღალი და ძლიერი ხერხემლის ზღაპრული პერსონაჟი.

პეტრე – ქუთაისში დაბადებული ბედნიერება

პეტრე- ქართული თეატრის იღბალი

პეტრე- დროზე ადრე გაჩენილი მხატვარი

პეტრე- უდროოდ გაწირული გენიოსი

1936 წელი. ფრაგმენტი პეტრეს დაკითხვის ოქმიდან:

-ვისთან ერთად  გამოემგზავრეთ  თბილისიდან  მოსკოვში?  

-გამომგზავრების დღეს მე შევიტყვე, რომ მოსკოვში მოემგზავრება მარჯანოვის თეატრის   მსახიობი ქალი ვერიკო ანჯაფარიძე.  ჩვენ მოვხვდით სხვადახვა ვაგონებში, მაგრამ  გზაში მოვეწყვეთ ერთ კუპეში. მოსკოვში იგი დაბინავდა თავის დასთან.

– ხვდებოდით თუ არა მოსკოვში ვერიკო ანჯაფარიძეს და სად იყავით მასთან ერთად? მოგვეცით ზუსტი ჩვენება.

 – ვიყავი მასთან მისი დის სახლში 3-4 ჯერ. ერთხელ ვიყავით თეატრში, მეტი არსად.

 – ახლდით თუ არა ვ. ანჯაფარიძეს რომელიმე სასტუმროში?

– ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ.

– გამოძიებისთვის ცნობილია,  რომ  1934 წლის დეკემბერში თქვენ იყავით სასტუმრო „მეტროპოლში“, მოგვეცით ჩვენება ვინ მოინახულეთ იქ ?

– ახლა მახსენდება, რომ ვიყავით გოფილექტის ბაღის დირექტორთან ტარუმოვთან. სულ რაღაც 15 წუთით. იქედან გამოვედით ერთად და სად დავშორდით, აღარ მახსოვს.

 – მოგვეცით ჩვენება, კიდე ვის შეხვდით სასტუმროში.

– სასტუმროს ნომერში ტარუმოვის გარდა, არავისთან არ ვყოფილვარ. მხოლოდ ერთხელ ვივახშმე სასტუმროს რესტორანში კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელთან ერთად. რესტორანში ვიყავით ჩვენ ორნი.

ეს მაშინ მოხდა, როცა  პეტრე ოცხელი მოსკოვში სერგო ამალობელისა და ვახტანგ აბაშიძის მიწვევით ჩავიდა  შილერის „ვერაგობა და სიყვარულის“ გასაფორმებლად.

როცა წლების წინ, პეტრეზე მტკივნეულად შეყვარებული და მეოცნებე მე და ჩემი მეგობრები ამ ოქმებიდან ვკითხულობდით ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფრაგმენტებს და ტექსტებს ქვემოთ ვეძებდით ემოციურ სიმართლეს და ღალატს, გვრჩებოდა კითხვა – თუ არსებობს ვერიკოს და ჭიაურელის პასუხებიც ამ გენიოსი ბიჭის სიცოცხლის გადარჩენის ცდად მაინც? ხომ ცნობილია, რომ ამ ოჯახს მისი ნომენკლატურული სიმაღლიდან და კავშირებიდან ბევრის გადარჩენა შეეძლო, ან პირიქით…. თანაც დაკითხვის მკვეთრი ხაზი სწორედ მათზეა. არადა, კოტე მარჯანიშვილი უკვე წლების გაწირულია, წლების გამოგლოვილიც. თეატრიც აღარ არის ის, რაც იყო. კოტეს დიადი ექსპერიმენტების, სიახლეების, ხელოვნების უკიდეგანობის და ახმეტელის პატრიოტულ-ნაციონალური თეატრის იდეაც ყელში ხელწაჭერილია, სისხლისგან დაცლილია. საბჭოური წითელი იდეოლოგია ახალ იერარქიებს და პრივილეგიებს აწესებს სიცოცხლეგადარჩენილი მსახიობების ხელით. თეატრი აღარ აგრძელებს „თავისუფლების თავშესაფრის“ ფუნქციას…

რაც უფრო მეტს ვიტანჯები თეატრის გამო, მით უფრო მეძნელება მის შესახებ წერა“- ერთ-ერთი ბოლო ფრაზა მარჯანიშვილის წერილიდან პეტრესთვის სევდის დროს..

“კიდე ერთხელ ვამტკიცებ, რომ შენზე საძაგელი ადამიანი არ შემხვედრია თეატრშიც კი, ჩემო ძვირფასო ნინკა“ –ეს კიდევ, თვითონ გულწრფელი პეტრეა დასთან პირად წერილში 🙂

 ეს ცოტა იყო თეატრზე .. და მიხვდით ალბათ რამ ამიფორიაქა სული დღეს პეტრეზე ალაგ-ალაგ(!) ლაპარაკით:

  • ქუთაისში მისი ხანმოკლე სიცოცხლის გადარჩენილი ნაწილის გამოფენაა
  • ქუთაისში გალერეის კედელზე „მფრინავი მღებავის“ ილუსტრაცია განათდა
  • ქუთაისში თეთრ ქვებთან, რიონის სანაპიროზე, თეთრი სკვერის კედლები ცოტაც გაოცხელდა (ჩვენ მეტი გვინდოდა, მაგრამ ესეც სიხარულია) და ეს ნამდვილად იყო ჩემი და ჩემი მეგობრების იდეა, რომლითაც ვიამაყებთ თავმდაბლობის გარეშე, მაგრამ ამის მერეც გავაგრძელებთ გზას, რომელიც პეტრეს ესთეტიკასთან და მის ნამდვილ ტკივილთან აუცილებლად მიგვიყვანს. ოღონდ, აწი ცოტა მეტი დაკვირვებით და ფრთხილად გადავადგამთ  ნაბიჯებს 🙂

დიდება უბერებელ ბიჭს და მისი დაბრუნების დასაწყისს ამ საოცარ ქალაქში, “ვერაგობა და სიყვარულის“  ნიჭით და არტისტიზმით სავსე  ცოცხალ პავილიონში!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები