“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ქართული ოცნების” ქუთაისის დელეგატობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს 5 კითხვით მიმართავენ.
სახელისუფლებო პარტიის მიმართ დელეგატობის კანდიდატის შეკითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერეს:
როდის უფრო ჰქონდა ქუთაისს განვითარების მომავალი?
მაშინ როცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში იყო თუ ახლა როცა ის ისევ დედაქალაქშია დაბრუნებული?
მაშინ როცა ყოფილმა ხელისუფლებამ ბაგრატის ტაძარი აღადგინა თუ ახლა როცა გელათის მონასტერი განადგურების წინაშეა?
რატომ მცირდება “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა რეკორდულად?
რატომ იზრდება სიკვდილიანობა?
რატომ არის შემცირებული ბავშვთა შობადობა?
“ვის უნდა მისცეს ხმა ქუთაისელმა ხალხმა? სააკაშვილის დროს აღდგენილ ბაგრატის ტაძარს თუ ივანიშვილის დროს დანგრეულ გელათს. რას მიუთითებს ბატონი ზაზა ამომრჩევლებს, როდესაც ეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ მხარი? ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, თუ პარლამენტის დანგრეულ შენობას, ქუთაისს როგორც ტურისტულ, ევროპული სტილის სუფთა მოწესრიგებული ქალაქს, თუ მიტოვებულ და დასჯილ ქუთაისს?” – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
ნიკა ობოლაძის თქმით, ქუთაისი გახდა დეპრესიული ქალაქი და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
“ქუთაისის მოსახლეობა მუდმივად იკლებს, მოსახლეობით საქართველოში ნომერ მეორე ქალაქი ნომერ მეოთხე ქალაქი გახდა, ყველა ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი ემიგრაციაშია. რას ეუბნება „ოცნება“ ქუთაისელებს, მოსახლეობის მუდმივ შემცირებას უნდა მისცენ ხმა? სააკაშვილის მიერ აშენებული აეროპორტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გაფართოებულიყო, დამატებოდა სატვირთო ტერმინალი, განვითარებულიყო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ერთად და ყოფილი ქუთაისში ინვესტიციების და ტურისტების შემომყვანი. ახლა ის საქართველოდან ემიგრაციის მთავარ პუნქტად გადაიქცა, ამას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა? დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქუთაისი გადარჩენას და განვითარებას აირჩევს”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
კომენტარები