მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

DMO-იმერეთში ათეულობით ადამიანი მუშაობს, თუმცა მედიასთან საკონტაქტოდ ვერავინ იცლის

DMO-იმერეთში ათეულობით ადამიანი მუშაობს, თუმცა მედიასთან საკონტაქტოდ ვერავინ იცლის

ა(ა)იპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ამ სახელწოდებით 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

ის “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

ორგანიზაცია ქუთაისისა და იმერეთის სხვა თერთმეტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ იმართება და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფინანსდება.

აუდიტორების დასკვნით, მათ მიერ შესწავლილი DMO-ები (დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები), რომელთა შორის იმერეთში მოქმედი ორგანიზაციაც შედის, ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებენ.

რეგიონებში შექმნილი ერთობლივი ა(ა)იპ-ების ერთ-ერთ მიზანს მუნიციპალიტეტებში ტურიზმის ხელშეწყობა წარმოადგენს, თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, DMO-ების მიერ მომზადებული ყოველწლიური გეგმები, ძირითადად, მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ასევე ზედაპირულადაა განხილული დაგეგმილი და განსახორციელებელი საქმიანობები, არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება (სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული რომელი მიზნის მიღწევას ემსახურება), არ არის განსაზღვრული მისაღები შუალედური და საბოლოო შედეგები, საჭირო რესურსები და ა. შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ანგარიშის თანახმად, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას ვებგვერდზე მეტი სახის ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული, ვიდრე სხვა რეგიონებში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციებს. ამასთანავე, ონლაინკონსულტაციის მიღება მხოლოდ იმერეთში მოქმედი ორგანიზაციის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები სოლიდურია. რამდენად იყო საჭირო, მაგალითად, ესპანეთიდან იმერეთში სტუმრად მყოფი ბაგრატიონ-მუხრანელისა და მისი თანმხლები პირების რესტორანში გამასპინძლება, რა შედეგი მოჰყვა ამ ხარჯს და გახდა, თუ – არა იმერეთი ესპანეთის მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი, ეს, თვლადი ინდიკატორების გამოყენებით, თავად ორგანიზაციამ უნდა შეაფასოს. ჩვენ დავთვალეთ, რამდენი დახარჯა თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ორგანიზაციამ რესტორნებში 2019 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში. იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე რესტორნებში 69 000 ლარზე მეტი დახარჯა.

ა(ა)იპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში” ათეულობით ადამიანი მუშაობს, თუმცა ხელმძღვანელმა ვერცერთი პირი ვერ გამოყო, რომელიც შეძლებს და მედიას საქმის კურში ჩააყენებს მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. მარი დევიძე კი აცხადებს, რომ ისინი მეილზე აგზავნიან მათი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მეილების უმრავლეობას, რომლებიც მათ აქვთ, ადრესატები უკვე აღარც იყენებენ.

კომენტარები