ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
"რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
აღნიშნული მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია. ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ ლარამდეა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.