სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა.
სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ფიზიკური პირი ლ. ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.