ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა №39ა-ზე მიმდინარე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს დავით ერემეიშვილს მიმართავს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ბალანსი კერძო ინტერესსა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის.
"მოგმართავთ ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა №39ა-ზე მიმდინარე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით, სადაც მდებარეობდა ე.წ. ყოფილი საგუბერნიო ციხე და მასთან დაკავშირებული ისტორიული და საკულტო სივრცე.
აღნიშნული საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და სცილდება კერძო მესაკუთრისა და კერძო საინვესტიციო პროექტის ფარგლებს. საქმე ეხება ქალაქის ისტორიულ მეხსიერებას, კულტურულ იდენტობასა და ურბანული განვითარების პრინციპებს.
ობიექტს ოფიციალურად არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა იყო 2019 წლის სარეკომენდაციო სიაში, რომელიც ითვალისწინებდა სტატუსის მინიჭებას. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვაც კი არ შედგა, ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია ისტორიული და საზოგადოებრივი ღირებულება. პრაქტიკამ საქართველოში არაერთხელ აჩვენა, რომ ფორმალური სტატუსი თავისთავადაც კი ვერ უზრუნველყოფს მემკვიდრეობის დაცვას — ამის მტკივნეული მაგალითები ჯერ საყდრისი და შემდეგ უკვე გელათის მონასტერია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური სტატუსების არსებობით.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შემდეგი გარემოებები:
- ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიის მრავალჯერადი გატანა აუქციონზე საინვესტიციო და კულტურული ვალდებულებების გარეშე (დაახლოებით 5 წელი ობიექტის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა და საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის, თუმცა როგორც მშენებელი საჯარო განცხადებაში აღნიშნავს ის, მხოლოდ დეზინფექციას ატარებდა). ამ პერიოდში გაუარესდა სახელმწიფოს ფინანსური ინტერესებიც, რადგან ამ ადგილზე კვადრატული მეტრი მიწის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მფლობელმა კი მხოლოდ 190 ლარი გადაიხადა);
- ტერიტორიაზე არსებული სამლოცველოს/საკულტო სივრცის დემონტაჟის საკითხი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი განხილვისა და პროფესიული შეფასების გარეშე მიმდინარეობს;
- პროექტის წარმოდგენა როგორც „ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცის“ (იხილეთ მშენებლის საჯარო განცხადება), მაშინ როდესაც საუბარია კერძო საცხოვრებელ განაშენიანებაზე; მშენებელმა განაცხადა, რომ ახალ ტაძარს ააშენებს, თუმცა ნებართვების შესაბამის საჯარო ვებგვერდზე პროექტი არ იძებნება. გარდა ამისა, ძველი სალოცავის დანგრევის სანაცვლოდ ახალი ეკლესიის აშენება ვერ ჩაითვლება ისტორიული პასუხისმგებლობის შესრულებად. კულტურული მემკვიდრეობა არ არის ჩანაცვლებადი რესურსი - ის არის ავთენტური ისტორიული მატერიალური მეხსიერება.
- საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციისა და საჯარო შეხვედრის არქონა.
ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერებისა და ურბანული იდენტობის ფასად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, როგორც ქალაქის ინტერესების წარმომადგენლის, ვალდებულებაა, უზრუნველყოს ბალანსი კერძო ინტერესსა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის.
დამატებით ინტერესის საგანია, შესწავლილი გაქვთ თუ არა სატრანსპორტო გამტარუნარიანობა აღნიშნულ მონაკვეთზე, როდესაც დაგეგმილია ერთდროულად რამდენიმე კორპუსის აშენება მიმდებარე ტერიტორიაზე (შენდება "მაუდი რეზიდენსი“, იქვეა კლინიკა "ელ-ჯი“, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში დაწყებულია მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა, ამ ქუჩაზეა ასევე ისტორიული მე-2 საჯარო სკოლა, სამუსიკო სასწავლებელი, სახანძრო), ქუჩები კი ისტორიული უბნისთვის დამახასიათებლად ვიწროა. ეს პრობლემა კორპუსების არ არსებობის მიუხედავად დღესაც დგას - შეინიშნება ინტენსიური საცობები, კორპუსების აშენება კი ვფიქრობთ გამოიწვევს ქალაქის ცენტრალური ნაწილის სატრანსპორტო კოლაფსს და ზიანი იქნება შეუქცევადი, გამოუსწორებელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უბნის თავისებურებიდან გამომდინარე არ არსებობს გზების გაფართოების რესურსი.
იმ ვითარებაში, როდესაც ქალაქს არ გააჩნია განაშენიანების გენერალური გეგმა, თუმცა ამაზე გარკვეულწილად ნამუშევარია და არსებული დოკუმენტის წინასწარი მონაცემებით რეკომენდებული არ არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი საცხოვრებელი ზონების შექმნა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
გთხოვთ წარმოადგინოთ სატრანსპორტო გამტარიანობის გეგმა ამ უბნისთვის ან შეაჩეროთ მშენებლობის პროცედურები ურბანული და ტრანსპორტის სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლამდე.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ მოთხოვნით:
- დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა (სატრანსპორტო საკითხების და ისტორიული მნიშვნელობის);
- ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ნგრევას გადარჩენილი ეკლესიის და საგუბერნიო ციხის ნაწილის შენარჩუნება, თუნდაც გამოსყიდვა ინვესტორიდან. ქალაქისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გადარჩენილ ადგილას ოკუპაციის მუზეუმის ან სხვა შემეცნებითი დაწესებულების, ტურისტული ატრაქციის მოწყობა.
- უზრუნველყოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების სამართლებრივი და შინაარსობრივი საფუძვლების საჯარო განმარტება;
- გაასაჯაროოთ ყველა ნებართვა, შეთანხმება და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უკავშირდება ობიექტის დემონტაჟსა და ახალ პროექტს;
- უზრუნველყოთ დამოუკიდებელი ისტორიულ-არქიტექტურული შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით;
- ორგანიზება გაუწიოთ საჯარო შეხვედრას, სადაც მუნიციპალიტეტი, ინვესტორი, დარგის ექსპერტები, სასულიერო პირები და მოქალაქეები ერთ სივრცეში იმსჯელებენ აღნიშნული ტერიტორიის მომავალზე.
მიგვაჩნია, რომ ქუთაისი არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული მისამართების ერთობლიობა. ეს არის მრავალშრიანი ისტორიული ქალაქი, რომლის თითოეული სივრცე ქმნის საერთო მეხსიერებას და განსაზღვრავს მომავალ თაობათა იდენტობას.
გთხოვთ, საკითხი განიხილოთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად და უზრუნველყოთ პროცესის სრული გამჭვირვალობა", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საინიციატივო ჯგუფი:
- არჩილ გეგენავა
- მარიკა ვაჭარაძე
- გოჩა უგლავა
- ალიმი ხერხაძე
- ნინო გიორგაძე
- მაკა ხეცურიანი
- სოფიო ბასილაძე
- ზაზა ლიპარტელიანი
- მიხეილ მუმლაძე
- მიხეილ ფიფია
- ეკა ფხაკაძე
- რომეო ფიფია
- ბექა შალამბერიძე
- გულიკო ბენაშვილი
- ია იაშვილი
- ფრიდონ დვალიშვილი
- ხვიჩა ვაშაყმაძე
- კონსტანტინე ჭარხალაშვილი
- ირაკლი მაჩიტაძე
- ნანა თოშხუა
- მერი ლობჟანიძე
- გიორგი კვიტაშვილი
- ემა კამკია
- კობა გურული
- ტარიელ დათიაშვილი
- ნატალია რევიშვილი
- მარიკა ჩხიკვაძე
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განცხადებას მერიის კანცელარიაში უკვე ჩააბარეს.