მთავრობა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური და ინოვაციების ჰაბის გახსნას გეგმავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიების ჩატარება 2026 წლის 31 მაისამდე იგეგმება. ჰაბის გახსნა 650 000 ლარი დაჯდება.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აღწერის თანახმად, კომპანიამ "ვანილა ივენთი" უნდა უზრუნველყოს 400 დამსწრე სტუმრისთვის ერთსაათიანი ღონისძიების სრული სცენარისა და ნარატივის შექმნა, ვიდეორგოლების გადაღება და პოსტპროდაქშენი, სპიკერების გამოსვლების მომზადება, ასევე ღონისძიების ტექნიკური და ვიზუალური რეჟისურა. დამატებით მოთხოვნებს შორისაა სინქრონული თარგმანი, პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ტრანსლაცია, ფურშეტი და დრონების შოუ, რომელიც მინიმუმ 200 დრონს უნდა მოიცავდეს.

ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის და მისი გარშემო ტერიტორიის რეაბილიტაციაზე და ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტი საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა.

ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რამდენ მონაწილეს/სტუდენტს/სტარტაპს მიიღებს/მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ყოველწლიურად.