ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
აღნიშნული თარიღი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის. სწორედ ამ დღეს, 2023 წელს, ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯია ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ორგანიზაცია დაარსდა რეგიონში. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სწორედ, რომ რეგიონებიდან უნდა ისმოდეს მოქალაქეების ხმა, რომლებიც ურყევად დგანან ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერას.
ორგანიზაციის მისიაა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სანდო, ობიექტური და ინსტიტუციურად გადამოწმებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პრიორიტეტად მივიჩნევთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის პრევენციას, რომლის წინააღმდეგაც ვმოქმედებთ პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის და საზოგადოებრივი სამსახურისადმი ურყევი ერთგულების საფუძველზე.
შეხვედრაზე ორი პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. დისკუსიის დროს იმსჯელეს უვიზო მიმოსვლის, ნეიტრალიტეტის და დეზინფორმაციული ნარატივების საკითხებზე.
ორგანიზაციის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა, ჰოლანდიის საელჩო და ნატოს სამეკავშირეო ოფისი.