2026 წლის იანვარ-თებერვალში ქალთა ფონდი „სოხუმმა“, WAVE Network-ის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩაატარა ონლაინ შეხვედრებისა და ვორქშოპების სერია ქალებისა და ახალგაზრდებისთვის. შეხვედრები გაიმართა Zoom პლატფორმის საშუალებით და მოიცავდა შემდეგ მუნიციპალიტეტებს: ზუგდიდი, წალენჯიხა, ხონი, სენაკი, წყალტუბო, ქუთაისი, ჩოხატაური და ვანი.
შეხვედრების მთავარი თემა იყო ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა და ციფრულ სივრცეში ქალთა და ახალგაზრდების უსაფრთხოება. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ონლაინ გარემოში ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა რეალურ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, პირად უსაფრთხოებასა და სოციალურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გზებს, რომლითაც ტექნოლოგიები შეიძლება იქცეს კონტროლისა და ზეწოლის ინსტრუმენტად პარტნიორულ ურთიერთობებში.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა:
- პირადი მონაცემების დაცვასა და ანგარიშების უსაფრთხოებაზე
- ციფრული მტკიცებულებების სწორად შეგროვებასა და შენახვაზე
- კიბერჰიგიენის წესებზე
- სამართლებრივ მექანიზმებსა და დახმარების სერვისებზე
ეს ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მონაწილეებისთვის, რადგან ბევრ მათგანს არ ჰქონდა ინფორმაცია, როგორ უნდა იმოქმედონ ონლაინ ძალადობის შემთხვევაში ან როგორ დაიცვან საკუთარი თავი ციფრულ სივრცეში.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მონაწილეთა პირადმა გამოცდილებებმა. ქალებმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ რეგიონებში ხშირად ნორმად ითვლება პირადი მონაცემების გაზიარება პარტნიორებთან, ხოლო ძალადობის შემთხვევები ხშირად რჩება უთქმელი, საზოგადოების მიმართ დაბალი ნდობისა და ოჯახური მხარდაჭერის ნაკლებობის გამო.
დისკუსიებმა ასევე აჩვენა, რომ ონლაინ ძალადობა მხოლოდ ქალების პრობლემა არ არის. ციფრულ სივრცეში ძალადობის მსხვერპლები ხშირად ახალგაზრდა ბიჭებიც ხდებიან, რაც პრობლემის სისტემურ და მასშტაბურ ხასიათზე მიუთითებს.
ახალგაზრდებთან ჩატარებულმა ვორქშოპებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ციფრული უსაფრთხოების ცოდნა და ღია დიალოგი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია. მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ დაცვას უზრუნველყოფს.
შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ პრობლემის აღიარება, ინფორმირება და ერთმანეთის მხარდაჭერა არის უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნისა და ძალადობის პრევენციის საფუძველი.
ამოიცანი. ისაუბრე. იმოქმედე.
პროექტი ხორციელდება WAVE Network-ის მხარდაჭერით.