არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ტყიბულის სოფელს ცუცხვათში ნეანდერტალელის 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინა. ნეანდერტალელთა მიერ ამ არეალის ათვისების დრო კი, სპეციალისტების შეფასებით, 90 ათასი წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. ეს უკვე მესამე კბილია, რომელიც ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში აღმოჩნდა.
“90 ათასი წლის წინ ნეანდერტალელები უკვე ბინადრობდნენ ცუცხვათის ტერიტორიაზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი უფრო ადრეც მოვიდნენ, უბრალოდ, ჯერჯერობით იმ ფენებზე არ გადავსულვართ – კვლევები ჯერ არ ჩაგვიტარებია. ამის ძალიან კარგი მტკიცებულებაა ცეცხლის გამოყენების ის ინტენსიური კვალი, რომელიც დასტურდება”, - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე.
ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის აქტიურად გამოყენების მტკიცებულებებთან ერთად, ამავე ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური სამარხიც გათხარეს, სადაც საკინძები, თავსაბურავის ფრაგმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები აღმოჩნდა. კვლევები ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულებებით მიმდინარეობდა.
არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც მეცნიერებისა და სტუდენტებისგან შედგება, ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსს, 2016 წლიდან იკვლევს.
“დღეს ნეანდერტალელების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის დნმ-ის დონეზეც – გაშიფრულია დნმ-ის დიდი ნაწილი, კავკასიაში ჯერ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და ამ ნამარხებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი ითამაშონ ნეანდერტალელების გაშიფვრის, მათი აგებულების კვლევის საქმეში. ასევე ვცდილობთ, რომ ექსპანსიური ხასიათის კვლევები ჩავატაროთ, რაც გულისხმობს, რომ ბევრ მღვიმეს ერთად ვიკვლევთ და შემდეგ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო ფართო სურათი დავინახოთ იმ პერიოდის – შეხვდნენ თუ არა ნეანდერტალელები და ანატომიურად თანამედროვე ადამიანი ერთმანეთს კავკასიაში და რამ გამოიწვია ამ ტერიტორიაზე ნეანდერტალელების გადაშენება. სამწუხაროდ, 3 წლის განმავლობაში არ გვეძლეოდა მუშაობის საშუალება, რამაც ძეგლი, რა თქმა უნდა, დააზიანა, თუმცა, წელს, როგორც იქნა მივიღეთ ნებართვა, რაც დადებითი მოვლენაა – იმედია, მსგავსი რაღაცები აღარ განმეორდება. ჯერჯერობით ბრძოლაში ვართ, იმისთვის რომ გადავრჩეთ”, – აცხადებს ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ წიქარიძე.
ეს უკვე მესამე კბილია, რომელიც ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში აღმოჩნდა, მსგავსი აღმოჩენა მანამდე ამავე არეალში 2018 წელსაც მოხდა. ცუცხვათის მღვიმეების შესწავლა გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრებმა პირველად მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს და გათხრების შედეგად, შუა პალეოლითის ქვის იარაღსა და ძვლებს მიაკვლიეს. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის პირველი კბილიც, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.