ქუთაისის საკრებულოს უკვე ყოფილი დეპუტატი და პარტია „ახალის“ წევრი გიორგი კილაძე ოთხწლიანი საკრებულოს დეპუტატობის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კილაძე მადლობას უხდის ამომრჩევლებს და აღნიშნავს, რომ მისი მიზნები და ამოცანები უცვლელია – ქვეყნისა და ხალხის სამსახური, საქართველოში „რუსული ოცნების“ დასრულება და ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

"ღრმად მწამს და მჯერა, გამარჯვება მალე დადგება, და საქართველო შეუერთდება ევროპის დიდ ოჯახს, სადაც ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, სადაც პენსიონერებს არ უწევთ ფიქრი თანხის მოძიებაში, რათა მედიკამენტები შეიძინონ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მივაღწევთ მთავარს, სტუდენტები უსახსრობის გამო არ დატოვებენ უმაღლეს სასწავლებლებს“, – წერს კილაძე.

მისი თქმით, ქუთაისს აუცილებლად დაუბრუნდება საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ასევე ქალაქში დაბრუნდება ის 40 ათასამდე ემიგრანტი, რომლებმაც იძულებით დატოვეს ქუთაისი.

"ქუთაისი ის ქალაქია, რომლის ფართობი 67 კმ²-ია, თუმცა დედამიწაზე დიდია“, – აღნიშნავს გიორგი კილაძე.