სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებას.

დავით ტაბიძესთან ერთად დააკავეს ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს "ლაგი კაპიტალზე" საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.