ბათუმის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის“ მე-7 კლასის მოსწავლემ, ქუთაისელმა ლილე ჩარკვიანმა კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.

მან 11 წლის ასაკში, B2 გამოცდაზე გასვლის მიუხედავად, მაღალი ქულებით C1 დონის სერტიფიკატი მოიპოვა.

რა გზა გაიარა პატარა ასაკიდან ამ წარმატებამდე და რას ურჩევს თანატოლებს - ლილე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

- როდის დაიწყეთ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე მუშაობა და როგორი იყო თქვენი გზა?

- კემბრიჯის გამოცდების ჩაბარება 7 წლის ასაკში, მე-2 კლასში დავიწყე, როცა Movers-ის სერტიფიკატი ავიღე. მას შემდეგ ყოველ წელს ერთი საფეხურით წინ მივიწევდი და მე-6 კლასის ბოლოს, 11 წლის ასაკში, C1 დონის სერტიფიკატი მივიღე.

- როგორ მიიღეთ C1 დონე და რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

- რეალურად B2 გამოცდაზე გავდიოდი, თუმცა მიღებული ქულების მიხედვით C1 დონე მომანიჭეს. ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რომელმაც დიდი მოტივაცია მომცა.

- რას ამოწმებს კემბრიჯის საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა?

- გამოცდა ამოწმებს, რამდენად კარგად ფლობ ენას რეალურ ცხოვრებაში. ფასდება კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ლექსიკას, გრამატიკას და აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარს.

- რომელი ნაწილი იყო თქვენთვის ყველაზე რთული ან მარტივი?

- კემბრიჯის გამოცდები ნამდვილად რთულია, მაგრამ მოსამზადებელ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი. შრომის შედეგად გამოცდის სირთულე უფრო მარტივად გადავლახე.

- რა როლი ითამაშა სკოლამ და მასწავლებლებმა თქვენს წარმატებაში?

- სკოლამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩემი მასწავლებლები, თათია ჯანელიძე და ნათია დავითაშვილი  მუდმივად მაძლევდნენ მხარდაჭერას, სწორ მიმართულებასა და მოტივაციას, რამაც საკუთარ ძალებში რწმენა შემიქმნა.

- რას ურჩევდით იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამ გამოცდის ჩაბარებაზე ფიქრობენ?

- არ შეუშინდნენ პროცესს, იკითხონ მეტი ინგლისურად, მოუსმინონ აუდიომასალებს, ივარჯიშონ წერას და საუბარში და რაც მთავარია, ჰქონდეთ თვითრწმენა, იმუშაონ ბევრი და იყვნენ პასუხისმგებლიანები.