ქუთაისის საკრებულოს წევრი და პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი ელეონორა არჩაია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებას ეხმაურება.
მისი თქმით, პოლიტიკოსების ნაწილი საზოგადოებას დეზინფორმაციას აწოდებს, თითქოს ევროპა გარყვნილებას ნიშნავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროპა არა იდენტობის წაშლა, არამედ არჩევანის თავისუფლებაა.
“ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი არჩევანი, ჩვენი თავისუფლებაა. სამწუხაროა, რომ ზოგი პოლიტიკოსი საზოგადოებას ატყუებს, თითქოს ევროპა “კაცი კაცზე გათხოვებას” გვთხოვს და ჩვენს იდენტობას ანადგურებს. ეს აბსურდი და მიზანმიმართული სიცრუეა, რომლის მიზანიც შიშის დათესვაა. ევროპა არაფერს გვაძალებს, გვთავაზობს ფასეულობებს: კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, განათლებას, სამართლიანობას და შესაძლებლობების ქვეყანას. ვისაც მართლაც უნდა განვითარება და ღირსეული მომავალი, უნდა იცოდეს,
ევროპული გზა არის თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა ღირსებით, წესრიგით და სამართლის უზენაესობით.
ნუ გავხდებით პროპაგანდის მსხვერპლი, ევროპა არ გვაძალებს არაფერს, მხოლოდ კარს გვიღებს.
ჩემი შვილები დღეს ევროპაში ცხოვრობენ, სწავლობენ, მუშაობენ, საკუთარი საქმეც წამოიწყეს. იქ არავინ აიძულებს არაფერს, არავინ ერევა რწმენასა თუ ტრადიციებში. ჰყავთ ევროპელი მეგობრები ოჯახებით, ბავშვებით, ღირებულებებით, რომლებიც ჩვენსას არაფრით ჩამოუვარდება. ვუყურებ მათ და ვხვდები ევროპა არ ანადგურებს, ევროპა აძლიერებს.
ასე რომ, ნუ ავყვებით სიცრუეს ჩვენი მომავალი შიშში კი არა, განათლებასა და თავისუფლებაშია.
არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რასაც ზოგი პოლიტიკოსი შიშით გვასაღებს. ევროპა არა იდენტობის წაშლა, არამედ არჩევანის თავისუფლებაა”, – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს წევრი და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი ელეონორა არჩაია.