ქალაქებს ადამიანები ინახავენ. არა მხოლოდ არქიტექტურა, არა მხოლოდ ქვა, არა მხოლოდ აივანი.. ქალაქს ქმნის ის, ვინც ამ შენობებს უყურებს და უსმენს, ვისთვისაც ფანჯარა მხოლოდ ჩარჩო არ არის, ვისაც კედლის ბზარიც სტკივა ქუთაისის ისტორიულ უბანში და საშველად მომლოდინე  სიძველეც.

ჩვენ ერთად ვთამაშობთ სამოქალაქო თეატრში - იმ სივრცეში, სადაც პასუხისმგებლობა დიალოგად იქცევა. მაგრამ ხვიჩა სცენის მიღმაც იგივეა - მოქალაქე, რომელიც არ ეგუება გულგრილობას. ჟურნალისტია და  სიტყვით იბრძვის. აქტივისტია და მის ხმას ყველა ცნობს. გიდია და ქალაქს ისე გიჩვენებს, თითქოს პირველად ხედავდე. მხატვარია და მის ესთეტიკას სულის სინაზით გამოარჩევ.

ქუთაისი მისთვის უბრალოდ დაბადების ადგილი არ არის. ქუთაისი მისი ტექსტია, მისი ესკიზი, მისი ყოველდღიური ფიქრი.

როცა ძველ შენობაზე საუბრობს, ხმაში განსაკუთრებული სიმძაფრე უჩნდება.

არ ლაპარაკობს მხოლოდ ფასადზე. ლაპარაკობს ისტორიაზე, იდენტობაზე, მეხსიერებაზე. მისთვის აუთენტურობა დეკორი არ არის, ის ქალაქის ძარღვია ცოცხალი..

ბლოგის ჩასაწერად ფოსტის შენობაში წავედით, თამარ მეფის ქუჩაზე. ყველასთვის ნაცნობში და გამომწვარში, სახეშცვლილში და მაინც დიდებულში, ერთმანეთზე გადაწოლილი რკინის ბელტებით  და მძიმე ნაფოტებით სავსე, ხახადაღებულ ნახანძრალში. მასიური ხის მოაჯირიდან დაიწყო ამ ისტორიაგამოცლილ ადგილზე ალერსით და სევდით საუბარი და ფართო კიბეებით აჰყვა ოდესღაც დიდებულ დერეფნებს. ნეტა რა ხალხს და რა გრძნობებს იტევდა ეს ულამაზესი არქიტექტურული განაცხადი მე-19 საუკუნის ბოლო მიჯნაზე, როცა ამობრწყინდა ამ ადგილზე და დაიწყო ახალი სუნთქვა? ვინ იყო ის ლეგენდა ქალი, ნინა ტრიგონოვა-სვიმონოვა, ვისაც მიეძღვნა ეს ოვალურფანჯრებიანი დიდებულება? რა ხდებოდა ამ კედლებში დღესაც რომ ზვიადი და ქედმაღალია, ან ფრიკეს დეტალებით დამშვენებულ წაგრძელებულ აივნებზე - დანახვისთანავე რომ შეგიყვარდება?

ნახანძრალი ნაგვის და შემთხვევითი მზერის ბუდედ ქცეულია ეს წაუქცეველი კედლები.

დავყვებოდი ხვიჩას ფეხდაფეხ.  “აუ, არ წამოკრა ფეხი რა..” “არ დაგეცეს”.. “არ ჩამოვარდეს”.., “არ იტკინო”..

- შიშით ჩავუდექი კვალში.

როცა ხვიჩას ბლოგისთვის ფოტოს ვუღებდი, მის ზურგს უკან, სუროებამოხეხებული ეზოს მხრიდან, მზე ყოფდა შიშველ ხელებს და შემოდიოდა მასიური ხის განიერ კიბეებზე სხვადასხვა ფერებით რკალურ, უგრძეს ჩარჩოებში..

შენობის გვერდითი კედლის ქერქამძვრალი, ჩაწიკწიკებული აგურები უნახავი ხელოსნების სულის ხსენებას გთხოვდნენ..

ეს შენობაც ელის ბედნიერ გაღვიძებას, თვალის ახელას წარსულიდან დღევანდელში, მიჩვეული შარმით და ხიბლით, ძველი ამბის თავიდან მოსაყოლად ქუთაისისთვის. ჯერ კი დგას პატიოსანი თვლებისგან განძარცვული სამკაულივით ჯავრიანი და სულამორთმეული.

ამის შემდეგ რიონისპირა სახლებს ვიხსენებთ. საოცარ უბანს, ჯაჭვის ხიდიდან ვიდრე წითელ ხიდამდე - ქუთაისის მთავარ გზას საუკუნეების წინ. ბევრი მოგზაურის სიყვარულის და მოგონების ულამაზეს მონაკვეთს.

“რამდენ ქალაქს შეშურდებოდა ასეთი, მდინარესთან ადაპტირებული ისტორიული განაშენიანება. ეს სივრცე შეიძლებოდა ქცეულიყო ქალაქის მიზიდულობის ცენტრად - ტურიზმის, კულტურის, ურბანული სიცოცხლის. წლებია, ვყვირით, ვლაპარაკობთ, ვწერთ.. მაგრამ პროექტი არ იძვრის. იმედი ბუნდოვანია. რეაბილიტაცია წლიდან წლამდე დაპირებად რჩება.  შენობები ძველდება, იშლება, საფრთხეს ქმნის” - ხვიჩას სევდაა ეს.

მოგზაურობს ბევრს. სხვა ქალაქებსაც სწავლობს. ადარებს, აკვირდება, ეძებს პასუხებს: როგორ შეიძლება განვითარდე ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო? დღეს, როცა ბევრი ქალაქი ერთნაირად გამოიყურება, როცა ბეტონი იოლად ფარავს წარსულს, ხვიჩას და მისი მეგობრების  ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი არ ებრძვიან განვითარებას, ისინი  არდასავიწყებელის დავიწყებას ებრძვიან.

მათი მზრუნველობა არის ყოველდღიური, ჯიუტი და  პასუხისმგებლიანი სიყვარული ქუთაისის მიმართ.

ქუთაისს ასეთი ადამიანები სჭირდება.

არა იმიტომ, რომ წარსულში დარჩეს - არამედ იმიტომ, რომ მომავალში საკუთარი ძვირფასი, ისტორიული სამკაულებისგან გაუძარცვავი გადავიდეს თავმომწონედ, განუმეორებელი იერით და ეშხით.

და სანამ ხვიჩასნაირი ადამიანები ძველ შენობებს უყურებენ არა როგორც „ძველს“, არამედ როგორც ქუთაისის ცოცხალ მეხსიერებას, ეს ქალაქი მარტო არ არის.

მიჭირს, ბლოგს ხასიათი შევუცვალო და პლაკატური მოწოდებით დავასრულო.. მიჭირს ის, რაც მთელი  ამ სევდიანი თხრობის ესთეტიკას მირღვევს, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა: ჩვენ არ ვატოლებთ ერთმანეთთან ქუთაისის სიყვარულს, მაგრამ ვატოლებთ გამოცდილებას, ერთგულებას, სიტყვის ხარისხს, უანგარობას. ეს ყველაფერი ღირს იმად, რომ ხვიჩასნაირი “ქუთაისის მცველები” საზოგადოების სამსახურში, ამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის პროცესში ბევრად უფრო ნაყოფიერად იღწვოდნენ და მათი ზრუნვა და შემოძახილი, მხოლოდ წაქცეულის, დაკარგულის, დანგრეულის ან ვეღარაღდგენილი და ვეღარგადარჩენილი ისტორიის დატირებად არ გვექცეს.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინი: ნიტა ხაჩიძე