ქუთაისში, მე-13 სკოლის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სადაც 9 წლის ბავშვს ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულის დედა ქალაქში არსებულ სავალალო ინფრასტრუქტურასა და მძღოლების გულგრილობაზე საუბრობს.

სოფიო სილაგაძის თქმით, ქალაქში ქვეითთა გადასასვლელები თითქმის წაშლილი და უფერულია, რაც მძღოლებისთვის ძნელად შესამჩნევს ხდის მას, ხოლო იმ მონაკვეთებზე, სადაც დახაზულობა ახალი განახლებულია, მძღოლები წესებს მაინც არ იცავენ და ქვეითებს გზას არ უთმობენ.

"ჩემს 9 წლის შვილს გუშინ ე.წ. ზებრაზე მანქანა გაედო. გადავრჩით, მხოლოდ ფეხი აქვს ნაღრძობი. ქუთაისში არის სავალალო მდგომარეობა. ზებრა გადასასვლელები არის წაშლილი და უფერული, რასაც მძღოლები ვერ ხედავენ, ხოლო სადაც ახალი დახატულია, იქ მანქანებს არ აჩერებენ. ამას ყურადღება უნდა მიექცეს“, - აცხადებს სოფიო სილაგაძე „ინფო იმერეთთან“ საუბარში.