ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას მოსახლეობა აკრიტიკებს.

„ინფო იმერეთის“ გვერდზე მოქალაქეები წერენ, რომ ქალაქში ტრანსპორტი გამართულად არ ფუნქციონირებს.

ადგილობრივების თქმით, ტრანსპორტის ინტერვალი ძალიან ხანგრძლივია, საღამოს საათებში კი მოძრაობა თითქმის წყდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ხშირად სახლამდე მისვლას ტრანსპორტში ფეხზე დგომითაც ვერ ახერხებენ.

"ახალგაზრდობის ქუჩიდან მოვდიოდი ორი დღის წინ, ჭავჭავაძეზე მინდოდა წასვლა და ელექტრონულ დაფაზე 69 წუთი ეწერა, ერთი საათზე მეტი უნდა დამეცადა, რომ წვიმაში ჭავჭავაძემდე მივსულიყავი. იძულებული გავხდი, ტაქსი გამომეძახებინა“, - ამბობს ადგილობრივი ლეილა ლომთაძე.

"ავტოქარხანაში ღამით მოხვედრა ძალიან ჭირს. ტრანსპორტი გადაჭედილია, ჩანთებით ხელში ხალხი დგას მოსაცდელზე და საათზე მეტს ელოდება. ძლივს როცა მოდის, შიგნით ხალხი ვეღარ ეტევა. მოსაწესრიგებელია ეს პრობლემა ამ ქალაქში“, - ამბობს ადგილობრივი ლილი მაისურაძე.