გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1 000 ერთეული ტოტი.

შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა.

კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.