საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერიის პირველი შეხვედრა აშშ-ის ნაკრებთან გამართა და 43:30 დაამარცხა.
შეხვედრა ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართა.
პირველი ტაიმი დაძაბული და აქტიური გამოდგა. ირაკლი ქვათაძემ პირველი ლელო დადო, რასაც თედო აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა. მალევე მეტოქეც გააქტიურდა და მე-7 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მე-19 წუთისთვის კი ამერიკა წინ გაიჭრა და 21:7-ს იგებდა.
ტაიმის დასრულებამდე საქართველოს ნაკრების რიგებიდან გიორგი კვესელაძემ გამოიჩინა თავი და მისი დუბლის მეშვეობით "ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი 26:24 მოიგეს.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მეტოქე. ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ ამჯერადაც ზუსტად გარდასახა და ანგარიში 33:27 გახდა. ყველაზე ეფექტური შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი ლელო იყო, რომელიც გელა აფრასიძემ დადო.
აბჟანდაძემ ამჯერადაც ზუსტად გარდასახა და საბოლოოდ შეხვედრა 43:30 დასრულდა.
აქამდე „ბორჯღალოსნები“ ამერიკის ნაკრებს შვიდჯერ შეხვდნენ და ოთხჯერ მოიგეს, აქედან ბოლო სამ შეხვედრა – ზედიზედ. უკანასკნელად აშშ-ს 2023 წელს თბილისში, ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით, 22:7 სძლიეს.
შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 15 ნოემბერს კანადის წინააღმდეგ გამართავენ და ის კვლავ ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე” 16:00 საათზე გაიმართება.