"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის დავით მჟავანაძის თქმით, არსებობს ვერსია, რომ დიდი ფულის თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც წითელი ცირკულარით ძებნაზე იყო გადაცემული, ბარსელონაში, საგამოძიებო სამსახურში თავად მივიდა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ითხოვა.
"გაირკვა, რომ ეს ხალხი ამ ფულს არ იხდის და მათ შორის ციხეში წასვლასაც რისკავენ ამის გამო, ვინც აქ დარჩნენ. ბიჭიკო პაიკიძემ კი გაასწრო. გაქცეული იყო, ესპანეთში წავიდა, როგორც ჩანს და არსებობს ვერსია, რომ ის რატომაც არის დაკავებული, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ მან როგორც თავდაცვითი საშუალება, ისე გამოიყენა მისი საზღვარგარეთ ყოფნა. არსებობს ასეთი ვერსია, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომ რაღაცა ტიპის პოლიტიკური თავშესაფარიც კი შეძლება მოითხოვოს იმის გამო, რომ ის იდევნება მისსავე მთავრობის მიერ საქართველოში. მისი იქ ოფიციალურ უწყებებთან ჩაბარება, თუ ასეთ ჰქონდა ადგილი, მაგას გავიგებთ შემდეგ პერიოდში, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი თავდაცვის სტრატეგია მისი მხრიდან", - აცხადებს დავით მჟავანაძე.
ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ ხუთ პირს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავება.
ბიჭიკო პაიკიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი და ვანის საკრებულოში "ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია.