ვინც მონაწილეობდა ძალადობაში უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი, შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველებს ბევრი დღე არ დასჭირდებათ კანონის აღსასრულებლად.
"ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელოდება მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად.
ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.