საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპზე არ არსებობს და შესაძლოა მხოლოდ ძალიან მინიმალური კორექტირება განხორციელდეს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ნარმანიას განცხადებით, ტარიფების ზრდა მოსალოდნელია, თუმცა კონკრეტული ციფრებისა და პროცენტის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომპანიების აუდიტის დასრულებაზე, ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენის შეფასებასა და ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტებაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრება ახალი ტარიფები. 

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები სემეკის 29 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდება.