ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით მიმავალი ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა მარშრუტი შეეცვალა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულიყო. მიზეზი ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება გახდა.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისის აეროპორტში დაბრუნება სცადა, მაგრამ არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა, რის გამოც რეისი W6 7909 თბილისისკენ გადამისამართდა და დედაქალაქის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.
მომხდარის შედეგად, 24 ნოემბერს დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის (W6 7909) და ბერლინი-ქუთაისის დაბრუნებითი რეისები 25 ნოემბრისთვის გადაიდო. ავიაკომპანიის ცნობით, თბილისში დაშვებული რეისის მგზავრებს ქუთაისში ავტობუსებით დააბრუნებენ, ხოლო შეფერხებით დაზარალებულ ყველა პირს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
Wizz Air-ში განმარტავენ, რომ კომპანიისთვის მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს.












კომენტარი