გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის მორიგი ფაზა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებიან მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რობერტო ნარდი და რომის არქეოლოგიური ცენტრის გუნდი.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ფაზაში მიმდინარეობს პრევენციული კონსერვაცია, რომლის შემდეგაც შემუშავდება სრული საკონსერვაციო პროექტი. სამუშაოების დასრულება 2026 წლის აპრილისთვისაა დაგეგმილი.
პარალელურად, გრძელდება ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციაც, რომელსაც სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელობენ.

გელათის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს, სახელმწიფოს მხარდაჭერით.
გელათის მთავარი ტაძარი მე-5 ზამთარს მძიმე პირობებში ხვდება. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას და საპატრიარქოს გელათთან მიმართებაში უმოქმედობაში, კორუფციასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.