მაშინ, როცა ადამიანებს ქუჩაში და ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, მაინტერესებს, დადგება თუ არა იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც 16 მილიონი ლარი აიღო ამ ბულვარის რეაბილიტაციისთვის და ასეთი - ძალიან ცუდი შედეგი დაგვიტოვა, - ამის შესახებ "ინფო იმერეთთან" ჟურნალისტმა და აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის ისტორიულ ბულვარში რეაბილიტაციის შემდეგ პრობლემებია.

"ნებისმიერი რეკრეაციული ზონა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, მაგრამ ამ ბულვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ადგილი უჭირავს ქალაქის ისტორიაში, უამრავ ისტორიას ინახავს ქალაქის ისტორიაში. სამწუხარო ის არის, რომ ბოლო დროს განხორციელებული ე.წ. რეაბილიტაციის გამო, ბულვარში ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა, ძალიან ბევრი ხე მოიჭრა და ძალიან ბევრი უკვე გამზადებულია მოსაჭრელად. ეს არის არასწორად ჩატარებული სამუშაოების ბრალი, რაც აქ განხორციელდა. მოგეხსენებათ, ყოველი წვიმის დროს ბულვარში დგება წყალი და ბევრი ხე-მცენარე ვერ უძლებს ასეთ ტენიანობას, წყალში დგომას. დააკვირდებით, რამდენი ხე-მცენარე უნდა მოიჭრას, ეს არის კატასტროფა, აბსოლუტურად უცვლის ბულვარს სახეს. გულსატკენია, როცა ასეთი პროექტები ხორციელდება, კომპანიები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს. კომპანია, რომელიც აგებს ასფალტს, მან შეიძლება ვერ განახორციელოს პროექტები, რომელიც რეკრეაციას უკავშირდება.

ერთიც საინტერესოა, მაშინ, როცა ადამიანებს ქუჩაში და ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, მაინტერესებს, დადგება თუ არა იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც 16 მილიონი ლარი აიღო ამ ბულვარის რეაბილიტაციისთვის და ასეთი - ძალიან ცუდი შედეგი დაგვიტოვა", - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარამდე დაჯდა. სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა, რასაც მაშინ იმ მიზეზით ხსნიდნენ, რომ რეაბილიტაცია ფუნდამენტურად მიმდინარეობდა, მონტაჟდებოდა სადრენაჟო სისტემები და ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა.

ქუთაისის ისტორიული ბულვარის რეაბილიტაცია წელიწადნახევრიანი დაგვიანებით დასრულდა. წვიმის დროს წყალი ვერ გადის, რის გამოც გაზონები და ხეების ძირები დატბორილია.

ხანგრძლივად დამდგარი წყლის გამო ფესვები ლპება, ჟანგბადის გარეშე რჩება და ხეები მასობრივად ხმება. ბულვარში რამდენიმე ათეული ხე უკვე გახმა.