ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, "აფხაზეთობა 2026“-ის კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი "აღთქმული სანაპირო“ წარმოადგინა.
დადგმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანული ოკუპაციის ქვეშ მყოფ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს ეფუძნება და ასახავს იმ ქალების ტრაგიკულ ბედს, რომლებიც ოკუპანტებთან ურთიერთობის გამო საზოგადოების მხრიდან ძალადობის, დაცინვისა და დამცირების მსხვერპლი ხდებიან.
მთავარი გმირი ჰელენი, გარემოცვის მხრიდან დევნისა და შეურაცხყოფის ფონზე, ტრაგიკულად თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ფინალში კი ირკვევა, რომ ის არ ყოფილა დამნაშავე - მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები საზოგადოების მიერ შექმნილი ჭორები და უსაფუძვლო ეჭვები იყო.
დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე ქანთარია, რეჟისორი - ბექა ქავთარაძე. მონაწილეობენ: ნანა ხურითი, ლილი ხურითი, ქრისტინე ჩხიკვაძე, როლანდ ოქროპირიძე, ბექა ქავთარაძე.
"აფხაზეთობა 2026“ 18–23 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს და მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს.
ავტორი: შორენა ნიკოლეიშვილი
ფოტო: მიშა შენგელია