“ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მხატვრისა და ხატმწერის ოთარ შალიკიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ხელოვანის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ოთარ შალიკიანი 1960 წელს ქუთაისში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში კერამიკის სპეციალობაზე. ამჟამად მუშაობს ხელოვნების პედაგოგად. 2017 წლიდან აქტიურად მონაწილეობს მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენებში. არის იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის წევრი.
ხელოვანს დღემდე მოწყობილი აქვს ხუთი პერსონალური გამოფენა. მის მიერ დაწერილი წმინდა ნინოს ხატი დაბრძანებულია იერუსალიმის პატრიარქის რეზიდენციაში.