სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ფინანსური რესურსების მართვისა და საბიუჯეტო პარამეტრების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება, რის გამოც ადგილობრივმა ბიუჯეტმა მილიონობით ლარის ათვისება ვერ შეძლო.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის (ინფრასტრუქტურული პროექტების) ნაწილში ბიუჯეტის ჯეროვანი შესრულება. კერძოდ, 2022 წელს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხების ათვისებას 14% დააკლდა, ხოლო 2023 წელს – 9%.

ანგარიშის მიხედვით, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა მთავრობის განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრები. შედეგად, ვერ დასრულდა ან დაგვიანდა ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქუჩებისა და სკვერების რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემების მონტაჟი.

დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვამ გამოიწვია მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთების დაგროვება. თუ 2022 წლის დასაწყისში ნაშთი 2.5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებელმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა (5,038.2 ათასი ლარი). აუდიტორების შეფასებით, ეს ფაქტი მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

ფინანსების ათვისების პრობლემასთან ერთად, აუდიტმა ხარისხის კონტროლის სერიოზული ხარვეზებიც გამოავლინა. დოკუმენტის თანახმად, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე ვერ იქნა მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა ექსპლუატაციაში შესვლიდან მოკლე პერიოდში გაუარესდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა არარაციონალური ხარჯვის შემთხვევები. მაგალითისთვის, მერიამ ერთ-ერთი სკოლის შენობის ნაწილის შესაკეთებლად 336.3 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან მალევე დაიგეგმა ობიექტის სრული რეაბილიტაცია, რის გამოც ახლად შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი გახდა საჭირო. ფაქტობრივად, აღნიშნული თანხა არაეფექტიანად დაიხარჯა.

აუდიტის ანგარიშში საუბარია სატენდერო კომისიის საქმიანობაში არსებულ დარღვევებზეც. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტმა 467.3 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა მიმწოდებელთან, რომელთანაც სატენდერო კომისიის წევრი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში იმყოფებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჭიათურის მუნიციპალიტეტს ხარვეზების გამოსასწორებლად 7 ძირითადი რეკომენდაციით მიმართა, რაც გულისხმობს კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას როგორც სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების, ისე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე.