ღირსი დოსითეოს ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში.

მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისთვის.

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმინდით და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მეუფე დოსითეოსი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსო და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეოსი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...“, არსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა.

აჯანყების წამყვანები იყვნენ დოსითეოს ქუთათელი და გაენათის მიტროპოლიტი ექვთიმე (შერვაშიძე), მათ გვერდში ედგა ხონის მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე. რუსები მიუთითებდნენ კიდეც, ვაკე იმერეთს ანტონ ჩიჯავაძე აჯანყებსო. აჯანყებულებს შორის იყო ივანე აბაშიძეც - სოლომონ პირველის შვილიშვილი. ამბოხებულებს ის მეფედ უნდოდათ.

რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოსი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით. წლების განმავლობაში მისი საფლავი მონიშნულიც არ იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად.