გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი.
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და სწავლის გასაგრძელებლად ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, საიდანაც გადავიდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობდა ადვოკატად.
1909 წლიდან გრიგოლ გიორგაძე გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთს „ფონი“. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობის გამო. 1914 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, ქუთაისის გუბერნიიდან გადასახლება გადაუწყვიტეს.
1917 წელს ნაფიცი ვექილის ხარისხი მიენიჭა. ამ ხარისხის მიღებაზე მეფის რუსეთის დროს მას უარი უთხრეს.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე და ქუთაისის გუბერნიის კომისარი. 1917 წლის ნოემბრიდან არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გრიგოლ გიორგაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918–19 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი (ამ პოსტზე 1919 წლის მარტში ნოე რამიშვილმა შეცვალა).
როგორც პირველ სამხედრო მინისტრს, მას წილად ხვდა უდიდესი პასუხისმგებლობა - საუკუნოვანი რუსული მმართველობის შემდეგ, სრულიად ცარიელ ადგილზე შეექმნა პირველი ქართული ეროვნული ჯარი. იგი დაუღალავად შრომობდა, რომ საქართველოს ჰყოლოდა პროფესიონალური, იდეოლოგიური გავლენებისგან თავისუფალი რეგულარული არმია, რომელიც დაიცავდა ახალგაზრდა რესპუბლიკის საზღვრებს.
1919 წლის თებერვალში გრიგოლ გიორგაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი გახდა შიდაპარტიული უთანხმოება მენშევიკების ძირითად ბირთვთან. გიორგაძე და მისი თანამაზრენი (ე.წ. „სხიველები“) ითხოვდნენ არმიის რეფორმირებას, დეცენტრალიზაციას და სახალხო გვარდიის პარალელურად რეგულარული ჯარის როლის უფრო მეტად წინ წამოწევას. მისი წასვლის შემდეგ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი გახდა.
1919 წლის 12 მარტიდან გრიგოლ გიორგაძე არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. გახლდათ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, შემდგომ თავმჯდომარის ამხანაგი, საბიუჯეტო-საფინანსო, სამხედრო, ტექნიკური და საპროპაგანდო კომისიების წევრი. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კოოპერაციულ კავშირში („ცეკავშირი“).
1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“, რომელიც აკრიტიკებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციების კონფერენციაზე „სხივის“ ჯგუფს უმრავლესობამ მოსთხოვა, დაეცვა პარტიული დისციპლინა და შეეწყვიტა საკუთარი პარტიის ღია კრიტიკა გაზეთ „ახალი სხივის“ ფურცლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაირიცხებოდნენ პარტიიდან. საპასუხოდ „სხიველთა“ ჯგუფმა 1921 წლის 11 თებერვლის დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვების შესახებ და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ცალკე ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ დამფუძნებელ კრებაში.
1921 წელს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, ბევრმა პოლიტიკოსმა ქვეყანა დატოვა. გრიგოლ გიორგაძემ არ აირჩია ემიგრაცია, დარჩა სამშობლოში და საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არალეგალურად განაგრძო. იგი აქტიურად ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (დამკომის) აქტიური მხარდამჭერი, რომელიც 1924 წლის აგვისტოს საყოველთაო ეროვნულ ამბოხებას ამზადებდა.
პატრიოტული და ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო ჩეკამ (ჩეკისტებმა) იგი რამდენჯერმე დააპატიმრა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს გრიგოლ გიორგაძე კვლავ დააპატიმრეს და ავადმყოფობის გამო ციხის საავადმყოფოში მოათავსეს, რის გამოც დახვრეტას გადაურჩა.
მიუხედავად ციხეებისა და მუდმივი თვალთვალისა, მან უარი თქვა საბჭოთა რეჟიმთან იდეოლოგიურ თანამშრომლობაზე.
შემდგომ წლებში გრიგოლ გიორგაძე ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს „პრომსტროიტრესტის“ იურისკონსულტად. მოამზადა მნიშვნელოვანი ნაშრომები საქართველოში სოციალისტური მოძრაობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ისტორიის შესახებ.
1937 წლის რეპრესიების გადაასახლეს ყაზახეთში, 1937 წლის 5 თებერვალს გრიგოლ გიორგაძე ალმა-ათაში დააპატიმრეს. შინსახკომის ალმა-ათის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) გრიგოლ გიორგაძეს 1937 წლის 17 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა.
რეაბილიტრებულია საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ 1960 წლის 22 ივნისს და ყაზახეთის სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ 1971 წლის 28 სექტემბერს.