გრიგოლ (გრიშა) კოსტავა - ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965). მერაბ კოსტავას ბიძა.

დაიბადა 1907 წლის 4 იანვარს ქუთაისში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში მუშაობდა, მერე იყო ჭიათურის თეატრში, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა.

შეთავსებით, თბილისის თოჯინების თეატრში მუშაობდა, სადაც ჩრდილების თეატრი დააარსა. ასევე, ნაძალადევის სამოყვარულო თეატრში დგამდა სპექტაკლებს. 

წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. მის მიერ შესრულებული როლები: იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), გაიოზი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), აპრაკუნე, შამილი (ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, „შამილი“), ლომკაცა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ილარიონი (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა.

გადაღებულია ფილმებში "ქალიშვილი გაღმიდან" (ჯაშუში), "ნინო" (არჩილი), "ბაში–აჩუკი" (ფარნა), "მაია წყნეთელი" (ამილახვარი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (მოსამართლე), "ღიმილის ბიჭები" (მღვდელი) და სხვა. 

1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის გამო იჯდა სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში. 1945 წლის 30 მარტს გაიცა გრიგოლ კოსტავას დაპატიმრების ორდერი. ბრალად ედებოდა 1942 წელს დაარსებული „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ წევრობა და ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელება (ე.წ. „ვ. დვალიშვილის საქმე“). 4 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ტრიბუნალმა მიუსაჯა დახვრეტა. 13 სექტემბერს დახვრეტა ათწლიანი პატიმრობით შეეცვალა. გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა.

გიგა ლორთქიფანიძის მოგონება:

"ერთ დღეს თეატრში წვერგაუპარსავი კაცი მოვიდა. გამარჯობაო, - მეუბნება, მეც მივესალმე. - თქვენ ალბათ, არ მიცნობთ, გრიშა კოსტავა ვარო, - მითხრა უცნობმა. ყმაწვილობაში ბევრჯერ მყავდა სპექტაკლებში ნანახი. შესანიშნავი მსახიობი, ნიჭიერი, განათლებული, წარმოსადეგი, ულამაზესი კაცი იმდენად შეცვლილიყო, რომ ვერ ვიცანი. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა. ქართული თეატრის ლეგენდა ხართ-მეთქი, - ვუთხარი და ჩემს კაბინეტში დიდხანს ვისაუბრეთ. მაშინ ასეთი კანონი იყო, გადასახლებიდან დაბრუნებულებს ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ და აკრძალული ჰქონდათ სანახაობრივ ორგანიზაციებში, ე.ი. თეატრში მუშაობა, მით უმეტეს, მსახიობად. მაშინ ახალგაზრდა კაცი ვიყავი, არაფრის მეშინოდა, თამამი გახლდით და გრიშა კოსტავას უყოყმანოდ შევთავაზე ახალ სპექტაკლში "ტარიელ გოლუა" ერთ-ერთი მთავარი როლი. არ მოელოდა. იმდენად გაუხარდა, რომ განცხადების წერის დროს ხელი აუკანკალდა. თეატრში მივიღე და გაიოზ გადალენდიას როლზე დავამტკიცე. აი, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი წამება: რაიკომში, ქალაქკომში, "კაგებეში" დაბარებები. ინაურმაც გამომიძახა და მეუბნება: გრიშა კოსტავა თეატრიდან უნდა გაუშვაო. მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი, მაგრამ რადგან როლზე დავნიშნე, უკან აღარ დავიხევ-მეთქი. სხვადასხვა სტრუქტურაში ბევრი და მძიმე საუბარი მქონდა, მაგრამ ჩემი გავიტანე, გრიშა კოსტავა თეატრში დარჩა. დადგა პრემიერის დღე. თბილისიდან ბიუროს მთელი შემადგენლობა ჩამოვიდა. დაიწყო სპექტაკლი და პირველ რეპლიკას გრიშა ამბობს: "ერთი, ეგ თოფი მომაწოდე!" წამით პაუზამ დაისადგურა, მერე ტაშის გრიალი გაისმა. მხოლოდ ბიუროს წევრები ისხდნენ გაუნძრევლად. ტაშისცემა გაძლიერდა და პროტესტის ფორმა მიიღო. ამ დროს ვასილ მჟავანაძემ ტაში დაუკრა და ბიუროც აჰყვა. ასე მოხდა გრიშა კოსტავას რეაბილიტაცია..."

გრიგოლ კოსტავა 1979 წლის 10 ივნისს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.