ოთარ თევდორაძე - კომპოზიტორი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1973). 

დაიბადა 1923 წლის 1 მაისს ქუთაისში.

1949 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1949 წლიდან განაგებდა სოხუმის დრამატული თეატრის მუსიკალურ ნაწილს, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში; 1957–1961წწ. იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1963 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სიმფონიური, კამერული და საესტრადო მუსიკის განყოფილების მთავარი კონსულტანტი; 1974 წლიდან საქართველოს მუსიკალური ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი;

მთავარი ნაწარმოებებია: ოპერები – "ლეგენდა თბილისზე" (დაიდგა 1958), "სინათლე და ჩრდილი"(1970); სამი სიმფონია(1964, 1965, 1969); სიმფონიური პოემა "რუსთავი"(1948), "ქართული სიუიტა"(1958), "საზეიმო უვერტიურა" სიმფონიური ორკესტრისათვის(1961, მეორე რედაქცია 1972), საფორტეპიანო კონცერტები(1951, 1956); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პრელუდია ფორტეპიანოსათვის (1967), ტოკატა ფორტეპიანოსთვის (1968), საბავშვო საფორტეპიანო პიესები (1969), კაპრისი ფორტეპიანოსთვის (1974), ადაჟიო ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1977), საბავშვო საფორტეპიანო პიესები (1980); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრებისთვის – ოპერეტა "შვეიკი მიდის ომში"(1967), ოპერეტა "სიურპრიზების დღე" (1976); 300-ზე მეტი სიმღერა, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის.

მის საკომპოზიტორო კალამს ეკუთვნის მუსიკა ცნობილი კოლექტივებისა თუ მომღერლებისთვის. ესენია: აკორდი, ორერა, მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები, კოლხეთი, დიელო, ივერია, ეთერ ჭელიძე და ა.შ. 

გარდაიცვალა 1983 წლის 21 აგვისტოს 60 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი ოთარ თევდორაძე, ნათელა სვანიძე, შოთა მილორავა, ანდრია ბალანჩივაძე