ეს ბლოგი რომ "ლაიქების" სტატისტიკისთვის არ დაწერილა, ალბათ, მიხვდებით, რადგან მთელი გასული კვირის მანძილზე, სათქმელი რაც იყო, ითქვა და სანახავ-მოსასმენიც, - იქნებ ზომაზე მეტი. მაგრამ ამ ქალაქს ყველაფერი სწორედ ზომაზე მეტი უყვარს. ატაცებაც, გატაცებაც, ჭირიც, ლხინიც, ქებაც, გაკიცხვაც, ხმაურიც და დადუმებაც. გადაჭარბებული ვიცით, კი და ვიხდენთ მაინც. ამაშია ქუთაისის გემო, თორემ სწავლულებს, ნიჭიერებს და პროფესიონალებს რა დალევს სამყაროში.
კიდევ იცით რა არის? აუცილებლად კარგად დავარცხნილი, მოწესრიგებული, სწორად განვითარებული და აზომილ-აწონილი სულაც არ შეუყვარდებათ ხოლმე. საკუთარი ბედი აქვს ყველაფერს. თეთრ ხიდსაც უწუნებდნენ მცოდნეები სხვა დროში ადგილს, ქართული გიმნაზიის შენობაც არქიტექტურული წესის დარღვევით, უკუღმა დაიდგა და საოლქო სასამართლოსიც, თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ქუთაისს იშვიათად აქვს ამაზე ძვირფასი და მშობლიური შ(თქვ)ენობები და ხიდი.
ყველა ქართული ტელევიზია ერთიანად დაირაზმა "პარკის ბიჭების" ბასფანდურიან, აკორდეონიან და დოლიან როკზე, მონატრებულ ნამდვილზე, ორგანულზე, გემრიელზე, თითქოს არაფრით, მაგრამ მაინც განსაკუთრებულზე.
როგორ ხდება ასეთი აფეთქება ხოლმე? ერთი რილსით, ერთი პატარა ვიდეოთი, განათებული თვალით და სტუმრის უბრალო აღტაცებით? თუნდაც შენ, ამ ქალაქის მასპინძელს, დიდხანს გქონდეს ნასმენი და ნაქები. მაინც იმ ერთ დღეს და ერთ წუთს შეუძლია ბიოგრაფიის შეცვლა. ცხოვრების საოცარ წუთებს! ჯადოსნურს! შენ იქნებ ასეთ საყოველთაო ყურადღებას წლები მოანდომე, იშრომე, PRფორმულებით და მასლოუს იერარქიით დრაფტები და პროექტები წერე, გულში ჩამწვდომი ფირები არეკლამე, ფულიც დახარჯე, ბაბლებში დაზიარებაც ითხოვე, აი, ყველაფერი ქენი, მაგრამ “არ გავარდა“.. ვერ გადაატრიალე ბედის ბორბალი. ჰოდა, “პარკის ბიჭებთანაც“ ასე აუხსნელად და კანონდაუმორჩილებლად ჩაიმუხლა იღბალმა. ამ გახლეჩილ და ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებაში, უცებ ქუთაისური რესტორნის მუსიკოსების Pink Floyd-მა საერთო გულში გაიარა!
მაგრამ როგორც ნიაზი ამბობს “ბედი და შემთხვევა ერთმანეთს ემთხვევა“ 😊
მახსოვს, ენდი ძიძავა, მესხიშვილის თეატრის მსახიობი, ბოლო სამი წელი რა გატაცებით ლაპარაკობდა ჩვენი ბლოგის (და უკვე ყველა ტელევიზიის ტოპსიუჟეტის) პერსონაჟების ნიჭზე და გამორჩეულობაზე. მეც თავიდან, ზუსტად ისე ვუსმენდი, როგორც თვითონ ენდიმ მოუსმინა, პირველად მათი გაცნობა და მოყვანა რომ შესთავაზეს ბენეფისზე. "რა დოლი და აკორდეონი, კარგი რაო“ და მერე დიდხანს ინანა. ისე ინანა, რომ სტუმარი და დღესასწაული არ გაუშვია ხელიდან, ეს ნიჭიერი ბიჭები რომ არ ეჩვენებინა პატივცემული საზოგადოებებისთვის. ბოლოს, ბიზნესის ყველა წესი დაარღვია და მისთვის გამონაკლისად, სხვა ტონის რესტორნებშიც ასმენინა სავსე დარბაზებს. თვითონ ვხედავდით რა ბუნებრივ ბედნიერებას ავრცელებდნენ გარშემო. იქაც, სადაც კარგი სიმღერა და ხარისხიანი მუსიკა არ უკვირთ. კიი, ამ ბიჭებმა სხვების გაბედნიერება შეძლეს და ესაა აქ მთავარი!
ასე იყო გადაღების ველზეც.
მთელი კვირა, ხან თეთრი ხიდიდან ისმოდა პარკის ბიჭების შესრულებული 70-იანების ჰიტები და ხან ბოტანიკური ბაღიდან, ხან გორიდან ჩამოქონდა ქუთაისურ ნიავს თუ ქარს აკორდეონის გაწელილი ნოტი, ხან ჭომიდან - მოწყვეტილი დოლის ხმა. საფინალო სანახაობა წმინდა ნინოს ქუჩაზე, კოფი ბინის წინ მოეწყო, სახელდახელოდ გადაქცეულ გადასაღებ პავილიონში და კიდეც გახდა ქუჩის დაუვიწყარი პერფორმანსი.
სრულიად სხვადასხვა გემოვნების, განათლების, გამოცდილების, პროფესიის და ასაკის ხალხი აგვრია და აგვადუღა. ამ ულამაზეს ქუჩაზე, ცხოვრების რიტმის შეუფერხებლად, გამვლელების თუ ჩამვლელების, გაჩერებულების, თუ შეჩერებულების სახეზე მოუცილებელი ღიმილით, საქმიანების და უსაქმურების ერთობით, ჩვენს ქალაქს, ამ ნიჭიერი ბიჭების მუსიკის წყურვილით ვესიყვარულეთ. სიცოცხლით სიხარულის ნაკადი მოდიოდა და მოდიოდა, მონატრებული და დავიწყებული. ყველამ ვიცოდით, ისეთ ბიჭებს ვუსმენდით, ბავშვობის დიდი ოცნებები „პატარა საქმეში“ რომ ჩაატიეს და ძვირფასი მუზები ყოველდღიურ მდგმურებად დაცვითეს სხვადასხვა მიზეზის გამო, - ამ ქალაქიდან ვერ წასვლის გამო, ოპერის მომღერლებად და მუსიკოსებად ვერ ქცევის გამო, ოჯახების ვერ მიტოვების გამო, იღბლის და გამართლების სიხალვათის გამო. მთელი ეს ანსამბლი - მუსიკოსებიან მაყურებლიანად, ერთსაათიანი გადაღების დროს, ამ ქალაქის ფატალურ სიყვარულს ჰგავდა, შეულეველს, მტკივნეულს, ხრინწიანს, სამოყვარულოს.. აი, სულ დაუმწიფებლად რომ რჩება, მაგრამ მაინც თვალს და გულს იტაცებს, სევდიანი სიხარულით.
კიდევ ერთხელ ვიფიქრეთ, ალბათ, ყველამ, ჩვენთვის, გულში: როგორ უხდება ქუთაისს უბნების ასე ახმაურება, ქუჩის სანახაობები, გზაზე შემხვედრი პატარა ფესტივალები, სიმღერით კუთხიდან მოძახილი, ნაცნობი არტისტის ხმა და გაცეკვება გამვლელ ბოშა ქალთან, უცნობი ადამიანებისთვის ღიმილით თვალის გატანება და ბასფანდურიდან მოულოდნელი მძიმე როკის სოლო პარტია.
მოკლედ, პარკის ბიჭების კვირა იყო გასული კვირა. უცებ ნაპოვნი ნიჭის მზეზე გამოტანა და მუსიკით სავსე ჰაერი, რომელიც ბოლოს, აუცილებლად, ლაღიძის “ქუთაისო“თი აგიწვავს გულს და სულ გჯერა, სიყვარულის ცრემლის მერე, რომ ეს ქალაქი, ყვავილებით და გოგონებით სავსე ქუჩით, ჩვენს ალერსში დაღლილი, მართლა "ერის ლაზათია“!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინი: ნიტა ხაჩიძე
ფოტო: მარიამ ირემაძე