ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული "გუბერნსკის ციხის“ ყოფილი შენობის დემონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება. შენობაზე განთავსებული საინფორმაციო ბანერის მიხედვით, ობიექტი რამდენიმე კვირის ვადაში უნდა დაინგრეს, მის ადგილზე კი 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
ისტორიული ციხის შენობა, რომლის ნაცვლადაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აიგოს, საბჭოთა ოკუპაციისა და ტოტალიტარული რეჟიმის საპატიმრო იყო. სწორედ აქ ჰყავდათ დატუსაღებული 1920-იანი, 1930-იანი და 1940-იანი წლების მასობრივი რეპრესიების მსხვერპლები.
ცნობილია, რომ 1903 წლიდან აქ, მე-7 საკანში, პატიმრობას იხდიდა საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი, ხოლო მეფის რუსეთის პერიოდში, 1894 წელს, აქვე იხდიდა სასჯელს მწერალი თედო სახოკია.
ისტორიული ნაგებობის მნიშვნელობასა და მის ფუნქციურ პოტენციალზე "ინფო იმერეთთან“ ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე საუბრობს:
"ისტორიას არამხოლოდ წიგნებიდან და დოკუმენტებიდან ვეცნობით, არამედ თანადროული ნაგებობებიდან და მათი მნიშვნელობიდან.
მოგეხსენებათ, საქართველომ გამოიარა რუსეთიდან მომდინარე ორი ანექსია-ოკუპაცია: საიმპერიო და საბჭოთა. იმ პერიოდების ამსახველი არაერთი შენობა შემოგვრჩა საქართველოში, თუმცა, არც თუ ბევრია იმგვარი ნაგებობა, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ ასახავს რუსული საიმპერიო და საბჭოთა სისასტიკის კვალს. ამ მნიშვნელობით ერთ-ერთი არის ქუთაისის საგუბერნიო ციხე.
1846 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ძალადობრივად შეყვანილი ჩვენი ქვეყანა რუსეთმა დაჰყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებად.
სწორედ ხსენებული პერიოდიდან დადგა საჭიროება, რომ ქუთაისის გუბერნიის ცენტრში - ქუთაისში გახსნილიყო საგუბერნიო მნიშვნელობის ციხე-საპყრობილე. ამ შენობაში სხვადასხვა დროს სასჯელს იხდიდნენ: პოლიტიკური პატიმრები, რევოლუციონერები, ეროვნული მოძრაობის წევრები, ასევე კრიმინალური პატიმრებიც. მათი პერსონალურად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, დავსძენთ, რომ მათ შორის მრავლად არიან ისტორიისთვის სხვადასხვა მიმართულებით ცნობილი ადამიანები.
ხსენებული ნაგებობა, როგორც საპყრობილე ფუნქციონირებდა საქართველოში ოთხი პოლიტიკური წყობილებისას: რუსული საიმპერიო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, რუსული საბჭოთა, ამჟამად არსებული მეორე რესპუბლიკის დროს.
მას შემდგომ, რაც წინა ხელისუფლების მმართველობისას ქუთაისში სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის აიგო ახალი კორპუსები, ქალაქის განაპირას, ავტომშენებლის დასახლების ბოლოში, ყოფილი საგუბერნიო ციხის ისტორიულმა შენობამ, რომელიც ამჟამად გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს, დაკარგა რეალური ფუნქცია.
სამწუხაროა, რომ ამ ნაგებობის ისტორიულ მნიშვნელობას იმთავითვე არ მიაქციეს სათანადო ყურადღება და არ გამოიყენეს ის შესაბამისი საისტორიო დანიშნულებისათვის, კონკრეტულად კი ძალზე საჭირო იყო, აქ განთავსებულიყო რუსული საიმპერიო და საბჭოთა პერიოდების ანექსია-ოკუპაციის მუზეუმი.
ცოტა ხნის წინ გახლდით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც დავათვალიერე ყოფილი საპყრობილის შენობაში განთავსებული საბჭოთა და ნაცისტური ტერორის მუზეუმი, რომელიც საოცრად მეტყველად გადმოსცემს იმ ტრაგიკული პერიოდის ისტორიას. საკნებიც კი სამუზეუმოდ არის დაცული.
დაახლოებით ამგვარად წარმომიდგენია ქუთაისის საგუბერნიო ციხის შენობის დანიშნულება, რომელსაც თავისი მდებარეობიდან, განლაგებიდან და გალავნით შემოსაზღვრული სივრციდან გამომდინარე ამ მხრივ კიდევ მეტი პოტენციალი გააჩნია.
საკნებსაც შესაბამისი სამუზეუმო მნიშვნელობა ექნება, სადაც განთავსდება შესაბამისი ჩამონათვალი და ფოტოები იმის მიხედვით, თუ რომელ საკანში, ისტორიის ცნობილი რომელი პერსონა იხდიდა სასჯელს სხვადასხვა დროს. აქ განთავსებისათვის სათანადო დოკუმენტური თუ სხვა სახის მასალებიც მრავლად მოიპოვება, რომელიც არა მხოლოდ უშუალოდ ამ დაწესებულებასთან იქნება კავშირში, არამედ ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ორ ტრაგიკულ პერიოდს - რუსულ საიმპერიო და საბჭოთა ანექსია-ოკუპაციას.
შენობაში არსებობს ტაძარიც. თუ ყოფილ საგუბერნიო ციხეს ამგვარი ფუნქცია დაეკისრებოდა, ეს კიდევ ერთ მძლავრ საერთაშორისო ტურისტულ კერას გააჩენდა როგორც ქუთაისში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ აქტიურად მხოლოდ ახლა გაგვახსენდა ამ ისტორიული ნაგებობის მნიშვნელობა და მომავალი ხვედრი, როდესაც უკვე გადაუწყვეტიათ მისი დანგრევა და ტერიტორიის სხვა დანიშნულებით გამოყენება. ამ ყოველივეში მთავარი პასუხისმგებლობა მაინც მთელ საზოგადოებას ენიჭება და შემდეგ შესაძლოა, გადავიდეთ კონკრეტიკაზე. ალბათ, შანსი უმცირესია და თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ იქნებ შეიცვალოს გადაწყვეტილება, გადარჩეს და რესტავრირდეს ეს ისტორიული ნაგებობა შესაბამისი ზემოხსენებული დანიშნულებისთვის.
ეს იქნება პატივგება, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი - შესაბამისი სამომავლო დასკვნებისთვის, შესაბამისი ტურისტული ფუნქციით“, - აცხადებს ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
ცნობისთვის, 9 100 კვადრატული მეტრი ფართობის ყოფილი საგუბერნიო ციხის შენობა 2022 წელს ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 1,7 მილიონ ლარად გაიყიდა. უძრავი ქონება შეიძინა შპს „იბერია სტარ-გრუპმა“, რომელიც ქუთაისელ ბიზნესმენებს — მამა-შვილ დავით და ოთარ კოსტავებს ეკუთვნით. დავით კოსტავა ქუთაისის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაგდა კოსტავას მამაა.
ისტორიული ციხე 2000-იანი წლების ჩათვლით მოქმედი იყო, 2005 წელს კი საბოლოოდ დაიხურა. შენობა 2014 წელს მხოლოდ ერთი დღით გაიხსნა, როდესაც იქ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართა, რის შემდეგაც კვლავ დაიკეტა. 2019 წელს ობიექტი აუქციონზე გაიტანეს.