სერგეი სიმონის ძე მესხი - ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
დაიბადა 1845 წლის 24 ოქტომბერს რიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
1856-1863 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, 1863–1867 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა არალეგალური წრეების საქმიანობაში; იყო ქართველ სტუდენტთა ფარული წრის ხელმძღვანელი; 1867 წელს დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობდა სახელმწიფო ქონებათა გამგებლობის მდივნად; 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ "დროებას"; აშუქებდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს; იყო "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის აქტიური მონაწილე;
მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს; ვრცელი წერილი მიუძღვნა ხალხურ "არსენას ლექსს"(1872); მიმოიხილა გ. ერისთავის, რ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ფურცელაძის, გ. ვოლსკის და გ. სუნდუკიანის შემოქმედების ცალკეული საკითხები; თარგმნა ვ. ჰიუგოს, ა. დოდეს და სხვათა ნაწარმოებები; შემოკლებით თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს ახლად გამოსული რომანი "93 წელი" და მას ნაწილ-ნაწილ აქვეყნებდა "დროებაში";
1873-1874წწ. იმყოფებოდა პარიზში, სადაც შეადგინა გამოჩენილი პიროვნებების: ვაშინგტონის, ლივინგსტონის, გარიბალდის, ოუენის და სხვათა ბიოგრაფიები; დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.
ჟურნალ "ივერიის" 1879 წლის 26 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ცნობა, რომ 1880 წლიდან "ივერია" და გაზეთი "დროება" გაერთიანდებოდა და ეყოლებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ "ივერიის" რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ "დროებისა" – სერგეი მესხი. 1883 წელს, სერგეი მესხმა, ავადმყოფობის გამო, გაზეთი "დროება" სამართავად ივანე მაჩაბელს გადასცა.
სერგეი მესხი, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, 38 წლის ასაკში, 1883 წლის 25 ივლისს, აბასთუმანში, ჭლექით გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ რიონში.
დაკრძალვას ესწრებოდა აკაკი წერეთელი, რომელმაც ლექსიც კი მიუძღვნა სერგეი მესხს, რომლის სტრიქონები დღემდე საფლავის ქვას აწერია.