ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ კი სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება, მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტთან და ანტისანიტარიასთან ასოცირდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული და რედაქციაში შემოსული ფოტომასალა ნათლად ასახავს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც მგზავრებს ყოველდღიურად უწევთ მგზავრობა.
მოსახლეობის თქმით, ტრანსპორტში არსებული გარემო აბსოლუტურად არაკომფორტულია. ტრანსპორტის სავარძლები დაზიანებული, გადაკრული ქსოვილი დახეულია და ამოცვეთილი, რაც არაესთეტიკურთან ერთად, ჰიგიენურ ნორმებსაც ეწინააღმდეგება.
კიდევ უფრო საგანგაშოა მდგომარეობა იატაკზე. ტრანსპორტის საფარი ზოგან მთლიანად აყრილია, რაც მგზავრებისთვის ფიზიკური ტრავმის მიღების რისკს ზრდის.
გარდა ინფრასტრუქტურული გაუმართაობისა, მგზავრები მუდმივ სიბინძურეზეც ჩივიან. ტრანსპორტის სალონში არის ანტისანიტარია, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ცხელ დღეებში.
ქუთაისის მოსახლეობა შესაბამის სტრუქტურებს რეაგირებისა და სამარშრუტო ტაქსებში ელემენტარული წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს.