"ოცნება" უკვე წლებია, ქვეყანას წარსულში აბრუნებს, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკიდურესად საშიში პრეცედენტია: პირველად ვხედავთ, რომ მშრომელთა დაპატიმრება ხდება პროტესტის გამო, რომლის მიზანია ღირსეული სამუშაო პირობების მიღება, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
"20 იანვარს სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის მონაწილეები დამნაშავედ ცნო:
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე;
არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე.
ეს ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან სამაგალითო დასჯაა ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის დაცვისთვის.
ეს ქმნის უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქვეყანაში: დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვისა და დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით.
მშრომელთა პროტესტი არ არის დანაშაული. ღირსეული შრომა და უსაფრთხო სამუშაო გარემო არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება კი არის უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოება, სამართლიანი პირობები დასაქმებულებისთვის და არა რეპრესიები", - აცხადებს ხვედელიანი.