ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თემო ხადურის დედა აქციას მართავს.
აქციაზე გარდაცვლილი ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.
გარდაცვლილის დედის მოთხოვნაა, დაისაჯოს საქმეში ყველა დამნაშავე.
"ჩემს უკანასკნელ მოთმინების უნარს ცდიდნენ, მიმიყვანეს ამ ზომამდე. ხელისუფლებას მივმართავ პირდაპირ, მივმართავ პროკურატურას, პროკურორს, სამედიცინო ექსპერტი არის ჩემთვის არაფრის მომცემი. ნაცემი, დარტყმული, ბლაგვი საგნით დარტყმული და მერე სამი დღის მანძილზე წყალში ჩაგდებული, სიცხეში, რომ ეს კვალი დაეფარათ... ლპობის შედეგად ვერ დადგინდა გარდაცვალების მიზეზი. მე, ნინო გვიშიანი ამოგალპობთ, გერჩივნოთ, ყველა პოლიციელი იყოს დასჯილი უმაღლეს დონეზე. ამას მოვითხოვ.
საქმის ორი პოლიციელი მოხსნილია, როგორც ვიცი. ეს სამედიცინო ექსპერტი გვაძლევს იმას, რომ ნაცემია თემო ხადური, შემდეგ არაკაცურად ჩაგდებული ჰყავთ წყალში პირაღმა, ვერ დგინდება ის, რაც მათ უნდათ, ვერ დგინდება როდისაა გარდაცვლილი. ჩემი შვილი თურმე წყლის კალაპოტში დაიხრჩო, კალაპოტში კი არა, ზღვას ცურავდა ჩემი შვილი.
დროს მიწელავდნენ სამედიცინო ექსპერტიზის, მოვიდა პასუხები და ეს არის სირცხვილი, ჩემთვის არაფრის მომცემი არ იყო.
ეს არის სადიზმი, მკვლელობა აღარაა. ლპობის შედეგადაა მკვდარი. დედამ შვილი ვერ დავიტირე, იცით, ეს რას ნიშნავს?! ვერ გამაჩერებთ უკვე. სამართალი აღასრულეთ, გეუბნებით", - განაცხადა ნინო გვიშიანმა.
23 წლის თემო ხადური 2024 წლის აგვისტოში გარდაცვლილი იპოვეს. ხადური 25 აგვისტოს გაუჩინარდა და ოთხდღიანი ძებნის შემდეგ სოფელ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.