იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, რომლებსაც ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ არის. პრობლემის მოგვარებას ითხოვენ ხარაგაულის, ჭიათურის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის სოფლებში: გურნა, წყნორი, სოჩხეთი, ციხია, ბობოთი, ნაძვა, ანტორია, კისორეთი, ძმუისი და სხვა.
ადგილობრივების თქმით, წლებია, ესმით მხოლოდ დაპირება, რომ სოფლებს ექნებათ გზა, წყალი, ბუნებრივი აირი, თუმცა რიგი სოფლებისთვის დღემდე არაფერი შეცვლილა.
"დაპირებების მიუხედავად, ბუნებრივი აირი ისევ არ გვაქვს, არც გზა და ხშირად წყალიც ან გრაფიკით გვაქვს, ან საერთოდ არა. არის სოფლები, რომლებიც ტურისტულ ზონად ითვლება, კარგს კი ნახავენ აქ უცხოელები - გაზი არა, წყალი არა, გზა არა. ტურისტები კი არა, ბევრი ჩვენგან იმის საშუალებას ეძებს, ამ ყველაფერს დააღწიოს თავი. ასე აპირებენ ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის აყვავებას? დაცლილი სოფლები აკლია საქართველოს? გზა, გაზი, წყალი ხომ ელემენტარულია, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს?!" - აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.