იმერეთის სამხარეო პოლიციას 67 წლის მამაკაცი, რომელიც 12 წელს მიუღწეველ ნათესავ გოგონას სექსუალურად ავიწროებდა, ამ დრომდე არ დაუკავებია. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
შემთხვევა იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი მცირეწლოვან ნათესავს სისტემატურად მაშინ ურეკავდა, როდესაც რწმუნდებოდა, რომ მოზარდი სახლში მარტო იმყოფებოდა.
საეჭვო ზარების შესახებ გოგონამ დედას შეატყობინა. მტკიცებულების მოპოვებისა და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით, დედის მითითებით, შვილმა მამაკაცს უთხრა, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კაცმა არასრულწლოვანს ისევ დაურეკა, საუბარი კი მშობელმა ფარულად ჩაწერა.
მოზარდის ოჯახმა მოპოვებული აუდიო-ვიდეო მტკიცებულება სამართალდამცველებს უკვე გადასცა, თუმცა მამაკაცი კვლავ თავისუფლებაზეა. ოჯახი დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
"ინფო იმერეთი" არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტსა და დამატებით პერსონალურ დეტალებს შეგნებულად არ ასაჯაროებს.